საქართველოს მთავრობამ გიორგი გახარიასადმი 4 კონგრესმენის მიწერილი წერილი გამოაქვეყნა. კონგრესმენები ადამ კინზინგერი, ჯერალდ კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკაული საქართველოს პრემიერ-მინისტრს სწერენ, რომ ისინი დიდი ხანია მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიული რეფორმების გატარებასა და დასავლეთთან ინტეგრაციაში, ამიტომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით თავიანთ შეშფოთებას უზიარებენ.
კონგრესმენები წერილში შეშფოთებას გამოხატავენ დაპირებული დემოკრატიული რეფორმების გადადებასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე. ასევე კრიტიკულად აფასებენ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ძველი საქმეების განახლებას. კონგრესმენებს მიაჩნიათ, რომ საქმეების ნაწილი შესაძლოა აღიქმებოდეს, როგორც პოლიტიკური ოპონენტების, მედიაორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიზანმიმართული დევნა, ამიტომ მთავრობისთვის კანონის უზენაესობის და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების აუცილებლობის შეხსენება სურთ.
როგორც წერილიდან ირკვევა, კონგრესმენებმა გახარიას წერილი თავდაპირველად 13 დეკემბერს მისწერეს, ხოლო 17 დეკემბერს პრემიერ-მინისტრს მათთვის პასუხი დაუბრუნებია და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარებას დაპირებია. თუმცა, კონგრესმენები იქვე Facebook-ის მიერ ყალბი ანგარიშების გამოვლენისას „ოცნების“ კვალი აღმოჩენას ახსენებენ. „ბოლო ცნობები მიუთითებს, რომ Facebook-მა „ქართული ოცნების“ მიერ დაფინანსებული ყალბი ანგარიშების ფართო ქსელი დახურა. ის ფაქტი, რომ ეს ანგარიშები ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ სენტიმენტებს გამოხატავდნენ, ყოვლად მიუღებელია“, – ნათქვამია კონგრესმენების წერილში.
კონგრესმენები კრიტიკულად აფასებენ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას და მიუთითებენ, რომ ქვეყნის ეკონომიკა დაღმასვლას განიცდის. მიმდინარე ეკონომიკური და დემოკრატიული პროცესები კი საქართველოს აშშ-ში ნეგატიურად წარმოაჩენს. კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ ევროპული და ამერიკული კომპანიების ნაწილი ქვეყანაში ზეწოლას განიცდიდნენ, რის გამოც მათ საქართველოდან გასვლა დაიწყეს და შესაბამისად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც შემცირდა.
„უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ მხრიდან ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პოლიტიკურ სამიზნედ მიჩნევა პორტში ამერიკული ინვესტიციის ჩადებას ხელს უშლის. ამგვარი განვითარება კი მოსალოდნელია, რომ აისახება უფროდაუფრო არახელსაყრელი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებაზე და შესაძლოა, შეაფერხოს სამომავლო ამერიკული ინვესტიციები საქართველოში.
შემცირებული საერთაშორისო ინვესტიციები არა მარტო ვნებს ქართველ ხალხს და მათ იმედს დასავლეთთან ინტეგრაციის გაღრმავებაზე, არამედ აძლიერებს ვლადიმერ პუტინის ძალაუფლებას რეგიონში. საქართველო შეიძლებოდა ყოფილიყო უმნიშვნელოვანესი ჰაბი საქონლის მიმოცვლაში ამერიკას, ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის, რასაც საქართველოში ეკონომიკური ბუმისთვის შეიძლებოდა მიეცა ბიძგი“, – ნათქვამია წერილში.