რა წერია დენიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში - პუნქტები

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 5 საათზე დაიწყო.

„პუბლიკამ“ მოიპოვა ინფორმაცია, თუ რა წერია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში.

გამოცემა „პუბლიკას“ წყაროს ცნობით:

  • ევროკავშირი მზადაა, ერთ-ერთი ფონდის გავლით გადაიხადოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაო.
  • გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს ე.წ. „უდოს“ მექანიზმით, ელექტრონული სამაჯურით, ნოემბერში.
  • გამოიცეს ამნისტია, რომელიც შეეხება ოცი ივნისის საქმის მონაწილეებს – როგორც აქტივისტებს, ისე სამართალდამცავებს.
  • ოპოზიციამ უხელმძღვანელოს 5 კომიტეტს პარლამენტში, მათ შორის, საბიუჯეტოს, ადამიანის უფლებების, საპროცედუროს, საგარეოს…
  • შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი.
  • პარტიების დაფინანსების საკითხზე მოხდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება.
  • გენერალური პროკურორი დაინიშნოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერით.
  • ცესკოს თავმჯდომარე და შემადგენლობა დაინიშნოს ასევე ორი მესამედის მხარდაჭერით და მისი მოადგილე იყოს  ოპოზიციის წარმომადგენელი.

„პუბლიკის“ წყაროს ცნობით, არჩევნების თაობაზე დოკუმენტში არაფერი წერია, რამაც გამოიწვია მედიაციის პროცესის შეფერხება. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი და ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გასულები არიან დოკუმენტის ახალი ფორმულირებისთვის. შეხვედრა გრძელდება.

ეს ინფორმაცია წარმოადგენს პუნქტების შინაარსს და არა მათ ზუსტ ფორმულირებას.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება. დანიელსონი საქართველოში 28 მარტს ჩამოვიდა და გუშინ, 29 მარტს, კონსულტაციები გამართა პარტიების წარმომადგენლებთან.

კონსულტაციების დასრულების შემდეგ კრისტიან დანიელსონმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე დადებს ტექსტს/დოკუმენტს და, როგორც აღნიშნა, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა იქნება შესაძლებლობა პოლიტიკური ლიდერებისთვის, რომ აჩვენონ თავიანთი დემოკრატიული სიმწიფე.