რა წერია კანონპროექტში, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითვალისწინებს

პუბლიკა

კანონპროექტი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, სავიზო რეჟიმის დაწესებას ითვალისწინებს, პარლამენტში ინიციირებულია.

პროექტის ინიციატორები არიან: – ანა ნაცვლიშვილი, შალვა შავგულიძე, სალომე სამადაშვილი და დავით უსუფაშვილი.

განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა მსოფლიო გეოპოლიტიკური არქიტექტურა და ბუნებრივია, რეგიონის უსაფრთხოების რეჟიმიც.

ავტორთა აზრით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების საქართველოში უვიზოდ მიმოსვლის პოლიტიკა საფრთხის შემცველია და მნიშვნელოვანია რეგულაციების გამკაცრება.

„სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის სამხედრო ოკუპაციის მსხვერპლ სახელმწიფოში შემოსვლაზე სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის დაწესება, სამართლებრივად გამართლებული და პოლიტიკურად მიზანშეწონილი ზომაა. ამასთან, ცვლილებები ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს იმ პირებისთვის, ვისაც განსაკუთრებული კავშირები აქვს საქართველოსთან”, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

  • საკანონმდებლო შეზღუდვებისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას ფლობენ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდათ და გავიდნენ მოქალაქეობიდან ან დაკარგეს იგი.
  • პროექტის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის (C1 და C2 კატეგორიის) აღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტში, ინსპექტირების შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
  • პროექტით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ საქართველოში შემოსვლამდე წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რომ “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.
  • საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქმება პირს, რომლის კუთვნილ ნივთებზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე გამოსახულია არასამშვიდობო სიმბოლიკა. თავის მხრივ არასამშვიდობო სიმბოლიკა ისეთ სიმბოლიკას გულისხმობს, რომელიც დაკავშირებულია კომუნისტურ და ფაშისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან და გამოხატავს ამ ტოტალიტარულ რეჟიმს; აგრეთვე სიმბოლიკას, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო აგრესიასთან და გამოხატავს ამ აგრესიას. ამ უკანასკნელში იგულისხმება რუსული აგრესიის სიმბოლოდ ქცეული ლათინური ასოების Z-ისა და V-ს გრაფიკული გამოსახვა.