რა წერია „ოცნების" პარლამენტის განცხადებაში, რომელიც „MEGOBARI აქტის" პასუხად მოამზადეს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტი განიხილავს განცხადებას, რომელიც „ოცნებამ” ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული „მეგობარი აქტის“ პასუხად მოამზადა.

შალვა პაპუაშვილმა განცხადება ჯერ საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა, შემდეგ კი – პლენარულზე. „ოცნების” 87-მა წევრმა მხარი დაუჭირა განცხადებას, რომელიც კენჭისყრაზე დადგენილების სახით გავიდა.

საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, რომ „მეგობარი აქტი“ შეიცავს უამრავ ფაქტობრივ უზუსტობას და დეზინფორმაციას და „ოცნება“ ვალდებული იყო, ამისთვის პასუხი გაეცა“. მისივე განცხადებით, „მეგობარი აქტის“ განხილვა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში გაიმართა“.

  • აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტი“ [„საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“]  6 მაისს მიიღო. მას მხარი 349-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა – 42. კონგრესში ამჟამად სულ 433 წევრია – 220 რესპუბლიკელი და 213 დემოკრატი. კანონის მისაღებად საკმარისია 218 ხმა.

განცხადებაში, რომელიც 11-გვერდიანია, „ქართული ოცნება“ კვლავ ავითარებს პროპაგანდისტულ და კონსპირაციულ ნარატივებს, მათ შორის, „დიფ სთეითის“ შესახებ.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „ოცნების“ პირობებში „შემცირდა სიკვდილის მაჩვენებელი ციხეებში, ბიზნესი გათავისუფლდა რეკეტისგან, მედიისთვის შეიქმნა მრავალფეროვანი უმაღლესი ხარისხის პლურალიზმით“, ხოლო სასამართლო – დამოუკიდებელია.

„ოცნება“ ირწმუნება, რომ „საქართველოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო ინსტიტუტები აქვს და რომ ქვეყანაში იმართება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები“.

  • 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მასშტაბური დარღვევების ფონზე წარიმართა. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, მათ შორის ეუთო/ოდირის, ანგარიშებში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ტექნიკური ორგანიზებულობისა, არჩევნები ხასიათდებოდა პოლიტიკური ზეწოლით, ამომრჩეველთა დაშინებითა და ხმის ფარულობის დარღვევით. სამოქალაქო ორგანიზაციებმა და კოალიციებმა: „სამართლიანი არჩევნები“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ჩემი ხმა“ გამოავლინეს სისტემური მანიპულაციები, რომლებიც მიზნად ისახავდა მმართველი პარტიის გამარჯვების უზრუნველყოფას. აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ და ევროკავშირის პარლამენტმა არ აღიარეს არჩევნების შედეგები, ხოლო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მათ „გაყალბებული“ უწოდა. ყოველივე ამის გამო პარლამენტში შევიდა მხოლოდ „ქართული ოცნება“. არჩევნების შედეგების ავთენტურობას და ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ აღიარებს ევროპული ქვენების უდიდესი ნაწილი და აშშ. ევროსაბჭომ კი ორი რეზოლუციით განაცხადა, რომ საჭიროა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

„ოცნება“ ამტკიცებს, რომ „მედიას ევროპის უმეტეს ქვეყნებშიც, პრინციპულად, „დიპ სტეიტი“ აკონტროლებს და მართავს“.

  • კონსპირაციული თეორიის თანახმად, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აიტაცა, deep state არის ჩრდილოვანი მმართველობა – ხელისუფლების ტიპი, რომელიც მოიცავს ძალაუფლების საიდუმლო და არაავტორიზებულ ქსელებს და რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად საკუთარი დღის წესრიგისა და მიზნების მისაღწევად.

ასევე, განცხადების მიხედვით, „მიუხედავად იმისა, რომ 2020 და 2024 წლებში „დიპ სტეიტს“ საპარლამენტო არჩევნების დელეგიტიმაციის მასშტაბური კამპანია წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, ორივე არჩევნები იმდენად სამართლიანი იყო, რომ არსებითი დარღვევის ფაქტები და მტკიცებულებები ვერავინ წარმოადგინა“.

„ოცნება“ წერს, რომ „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას „დიპ სტეიტი“ და მისი ინსტიტუტები ცდილობდნენ“.

ასევე, განცხადების თანახმად, „2020 წლიდან დღემდე „დიპ სტეიტი“ ცდილობს, ხელისუფლებაში დააბრუნოს პოლიტიკური ძალა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის უშვერი სიტყვებით ლანძღვით გამოირჩეოდა, რისი ვიდეომტკიცებულებებიც საჯარო წყაროებში მრავლად მოიპოვება“.

გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ „ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრების უფლება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად არის უზრუნველყოფილი“.

კერძოდ, განცხადების მიხედვით:

„2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ხელისუფლებამ კონსტიტუციური წყობილების დამხობის 5-დღიანი, უკიდურესად ძალადობრივი მცდელობა ისე აღკვეთა, რომ შეკრებების დაშლისას მათი არცერთი მონაწილის ჯანმრთელობას გრძელვადიანი კვალი არ დამჩნევია, მოძალადეთა ქმედების შედეგად კი ერთმა პოლიციელმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგა.

150 დღეზე მეტია, ადამიანთა ძალზე მცირერიცხოვანი ჯგუფი იკრიბება და ყოველდღიურად კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს, თუმცა ამ პროცესში სამართალდამცავი ორგანოები არ ერევიან. ისტორიულად, შეკრების ამგვარი თავისუფლების პრეცედენტი, სავარაუდოდ, არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა“.

„ოცნების“ პროპაგანდისტული ნარატივის მიხედვით, სიცრუეა, რომ მათ უარი თქვეს ევროინტეგრაციაზე და ეს იმით დასტურდება, რომ 2017 წელს მათ კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ ყველა კონსტიტუციური ორგანო ვალდებულია, მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის.

2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ უარს ამბობს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებებზე 2028 წლამდე.

„ოცნების“ მტკიცებით, სიცრუეა, რომ საქართველო ამყარებს არასათანადო კავშირებს „რუსეთთან, ჩინეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან.

„საქართველოსა და ჩინეთს იმ დონის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არსებობს. საქართველოს პარლამენტი ყურადღებით აკვირდება პრეზიდენტ ტრამპის ოპტიმისტურ განცხადებებს ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ამ ფონზე სრულიად გაუგებარია აშშ-ის საყვედური საქართველოს მიმართ ჩინეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით; – იგივე ითქმის საქართველოსა და ირანის ურთიერთობებზე, რომლებიც, სამწუხაროდ, იმ დონისაც კი არ არის, როგორიც ირანს რეგიონის სხვა ქვეყნებთან აქვს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახსენებია აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და „ოცნების” სხვა წევრების მიმართ დაწესებული სანქციებიც:

„ყველა ეს სიცრუე და უსამართლობა ადასტურებს, რომ ე. წ. „მეგობარი აქტი“ საქართველოსადმი „დიპ სტეიტის“ უხეში, მტრული დამოკიდებულებით არის ნაკარნახევი. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი, იმის ნაცვლად, რომ „დიპ სტეიტისგან“ დამოუკიდებლად მოქმედებდეს და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული უსამართლო სანქციების გაუქმებას სთხოვდეს, პირიქით, მისგან ახალი სანქციების დაწესებასაც კი მოითხოვს”.

„ქართული ოცნება“ წერს, რომ ევროპარლამენტმა თავისი რეპუტაცია დააზიანა საქართველოს შესახებ „მტრული რეზოლუციების მიღებით“ და „ასეთივე რეპუტაციულ ზიანს აყენებს საკუთარ თავს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი“ „ქართველი ხალხის თვალში“.

„საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს იმედს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია „დიპ სტეიტს“ წარმატებით შეასუსტებს, რის შედეგადაც აშშ-ის კონგრესი დაიბრუნებს ძველ დიდებასა და სახელს, რომელიც მას 200-წლიანი მოღვაწეობით ჰქონდა მოპოვებული.

საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესთან ყველა საკითხზე, რომლებმაც შეიძლება საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გაჯანსაღება უზრუნველყოს“. – აცხადებს „ქართული ოცნება“.