პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო გუშინ, 18 მაისს დაადო. ის პარლამენტის ბიუროს ხვალ, 20 მაისს წარედგინება. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კანონის ამოქმედებიდან მის ერთ დღეში გაუქმებას ითვალისწინებს.
გთავაზობთ პრეზიდენტის არგუმენტაციას:
„ეს კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას. კანონი, ფაქტობრივად, იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს უკან გაწვეული ე.წ. აგენტების კანონი, რომლიდანაც ამოღებული სიტყვები: „უცხოური გავლენის აგენტი“, ჩანაცვლებულია ტერმინით: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“, რომელიც ტერმინის – „აგენტი“ განმარტებაა. ჯერ კიდევ 2023 წლის ივლისში ეუთო/ოდირის მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნა (იხ. დანართი) ცალსახად ადასტურებს, რომ კანონი არადემოკრატიულია, ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და ევროპულ სტანდარტებს.
კანონი „უცხოური გავლენის არაკონსტიტუციურია, რადგან: გამჭვირვალობის შესახებ“ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 22-ე მუხლს „გაერთიანების თავისუფლება“. კანონი აიძულებს ორგანიზაციებს, დარეგისტრირდნენ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებად, ანუ აგენტებად. ასეთი თვითაღიარების იძულება იწვევს მათ სტიგმატიზაციას. კანონი ქმნის ყველა პირობას, რომ ორგანიზაციის საქმიანობა შეიზღუდოს და საბოლოოდ გაუქმდეს. ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლს – „პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები“.
კანონი აწესებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების მიწოდების ვალდებულებას, რაც არღვევს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს, რომ მისი პირადი და ოჯახური სივრცე იყოს დაცული ყოველგვარი გაუმართლებელი ჩარევისაგან. ამ კუთხით კანონი ინტიმიდაციას და შიშის დანერგვას ემსახურება. ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლს – „თანასწორობის უფლება“. კანონი დისკრიმინაციულია, რამდენადაც გაერთიანებების მხოლოდ კონკრეტულ სეგმენტს მოიცავს და დაუსაბუთებელია, რატომ განასხვავებს არაკომერციულ ორგანიზაციებს უცხოური დაფინანსების მიღების ნიშნით. უნგრეთში მოქმედი კანონის შეფასებისას, მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ (CJEU) დაასკვნა, რომ უნგრეთში იურიდიული პირების განსხვავება დაფინანსების წყაროს მიხედვით, არაპირდაპირი დისკრიმინაციაა.
ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“. კანონი თავისი მიღების ფორმითა და შინაარსით წარმოადგენს რეალურ დაბრკოლებას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურების პოზიცია ნათელია – კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის მიმართ არსებულ მოთხოვნებს. კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციური ორგანოებისათვის კონსტიტუციით დაწესებულ ვალდებულებას, მიიღონ ყველა ზომა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისათვის. ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია.
კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, მაშასადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, იგი არ ექვემდებარება გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით, რადგან მისი არსი, მისი შინაარსი და პრინციპები მიუღებელია. შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ, კანონი გაუქმდეს ამოქმედებიდან უმოკლეს ვადაში, მომდევნო დღესვე და წარმოგიდგენთ შესაბამის კანონპროექტს”, – წერია მოტივირებულ შენიშვნებში.