ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE) პარტიის საბჭომ საქართველოს 26 ოქტომბრის საპრალამენტო არჩევნებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.
დოკუმენტის სახელწოდებაა: „სამართლიანი არჩევნების სტანდარტები და დემოკრატიული რეფორმები საქართველოს ევროპის კავშირში ინტეგრაციისთვის”.
მასში ვკითხულობთ, რომ რეზოლუცია:
ხაზს უსვამს:
– 2024 წლის ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობას, როგორც ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ გადამწყვეტ წინაპირობას.
– საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას და ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის გათვალისწინებას.
– ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებას „რუსული კანონის“ მიღებით და მოითხოვს მის გაუქმებას გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.
– ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მედიის მხარდაჭერას, რომლებიც „რუსული კანონის“ მთავარი სამიზნეა. მათ დაცვას და გადამწყვეტ როლს დემოკრატიული პროგრესისთვის.
– კოპენჰაგენის კრიტერიუმების სრულ დაცვას, განსაკუთრებით დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირთან მორგების პროცესში.
მხარს უჭერს:
– ქართველი ხალხის ურყევ სურვილს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით.
– პირობების შესრულების საფუძველზე, საქართველოს სრულ ხელმისაწვდომობას გაწევრიანების წინა ფინანსური დახმარების ფონდებზე, რათა დაეხმაროს ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებას ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში.
– პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიას“ და არსებით რეფორმებს, რათა შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყება.
– ოპოზიციური კოალიციების ჩამოყალიბებას, პლურალისტური პოლიტიკური გარემოს ხელშეწყობისა და ხმების დაკარგვის თავიდან ასაცილებლად.
წუხს:
– 2024 წლის აპრილსა და მაისში კრემლის სტილში „უცხოელი აგენტების“ კანონის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილე აქტივისტების დევნის გამო.
– საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დევნის გამო, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილისა და სხვა პოლიტპატიმრების მიმართ.
– „ქართული ოცნების“ მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის ცხრა პირობის შეუსრულებლობის გამო, რაც მიუთითებს კანონის უზენაესობის და ანტიკორუფციულ ძალისხმევის რეგრესზე.
– ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ანტიდასავლური კამპანიებისა და დეზინფორმაციის გავრცელების, მოქალაქეების შეცდომაში შეყვანისა და დაშინების გამო, ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
გმობს:
– მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ოფისების დარბევას, გატაცებებს, დემონსტრანტების ცემას, ჩასაფრებას და ფიზიკური თავდასხმას ოპოზიციის ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან. აღნიშნული არღვევს დემოკრატიულ პრინციპებსა და ადამიანის უფლებებს.
მოუწოდებს:
– ევროკავშირის კომისიას, კატეგორიულად დაუპირისპირდეს ძალადობას ან არჩევნების გაყალბებას, და მკაფიო გზავნილები გაუგზავნოს ამის შესახებ საქართველოს მთავრობას.
– ევროპარლამენტის „Renew Europe”-ს ჯგუფს, მოახდინოს მობილიზება ევროპარლამენტის რეზოლუციის განხორციელების მხარდაჭერისთვის.
– დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს პერსონალური სანქციები ევროკავშირისა და ნატოსგან საქართველოს განდევნისა და ავტორიტარიზმისკენ სვლისკენ.
– დასრულდეს ქართული ოცნების დეზინფორმაციული კამპანია ევროკავშირის ქვეყნებისა და საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერი ორგანიზაციების წინააღმდეგ.
– შეწყდეს პოლიტიკური დევნა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, მათ შორის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
– შეწყდეს სამართლებრივი დევნა აქტივისტებისა და დემონსტრანტების, რომლებიც აპროტესტებდნენ „რუსულ კანონს“ და გაუქმდეს მათი სასჯელი.
– ახალმა, დემოკრატიულად არჩეულმა მთავრობამ აიღოს ვალდებულება რეფორმებისა და ცხრა პირობის შესრულებაზე და დაუყოვნებლივ დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები.
– ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნებს გაზარდონ მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ,არჩევნების გაძლიერებულ მონიტორინგთან ერთად.
– ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად, დაუწესოს სანქციები ევროკომისიამ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მონაწილეობენ “რუსულ კანონის” მიღებასა და ანტიდემოკრატიულ პროცესებში.
– ევროკავშირის უმაღლესმა პოლიტიკურმა ორგანოებმა თავი შეიკავონ „ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტისგან.
ALDE ევროპაში მოქმედი პოლიტიკური პარტიების ალიანსია, რომელიც შექმნილია საერთო ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების გარშემო.
საქართველოს პოლიტიკური პარტიებიდან ALDE-ს სრულუფლებიანი წევრები არიან საქართველოს „რესპუბლიკური პარტია”, „თავისუფალი დემოკრატები”, „სტრატეგია აღმაშენებელი”, და „ლელო საქართველოსთვის”, ხოლო ასოცირებული წევრია – „გირჩი — მეტი თავისუფლება”.