ხვალ ევროპარლამენტში კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტს, სადაც დეპუტატები საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს, რომლებიც ხელს უწყობენ რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს.
მათ შორის ჩამოთვლილია: ეკატერინე ხვედელიძეს, უტა ივანიშვილს, ცოტნე ივანიშვილს, ბერა ივანიშვილს, გვანცა ივანიშვილს, ალექსანდრე ივანიშვილს, შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ივანე ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილსა და გოჩა ენუქიძეს.
ამასთან, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დაუწესოს პერსონალური სანქციები საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტების/აქტივისტების დევნაზე პასუხისმგებელ პირებს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ვახტანგ გომელაურს, კახა კალაძეს, ირაკლი ღარიბაშვილს. ასევე, მოუწოდებს მათ, ეს სანქციები გაავრცელოს მოსამართლეებზე, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში მათზე, ვინც იღებს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს, ასევე, გავრცელდეს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებზე და პირებზე, რომლებიც ფინანსურად უჭერენ მხარს რეჟიმს, ასევე, რეჟიმთან დაკავშირებული მედიის მფლობელებზე, მათ შორის „იმედი”, რუსთავი 2 და POSTV დეზინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციაში მათი როლის გამო.
რეზოლუციის პროექტში წერია, რომ ევროპარლამენტი:
- გმობს „ქართული ოცნების” „ხელისუფლებას” და მოუწოდებს მათ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ რეპრესიები მშვიდობიან დემონსტრანტებზე, პოლიტიკურ ოპონენტებსა და მედიის წარმომადგენლებზე. აღნიშნავს, რომ საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლება არღვევს ფუნდამენტურ თავისუფლებას, ადამიანის ძირითად უფლებებსა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს, შესაბამისად, ძირს უთხრის საქართველოს პოლიტიკური კლასისა და სამოქალაქო სექტორის მიერ ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს. საქართველოს მიიჩნევს „ქართული ოცნების” არალეგიტიმური რეჟიმის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოდ; გამოხატავს ღრმა სინანულს იმ ფაქტის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ” მიატოვა ევროინტეგრაციისა და NATO-ს წევრობისკენ გზა;
- არ აღიარებს „ქართული ოცნების” თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა – არჩევნები, რომელიც არ ყოფილა არც თავისუფალი, არც სამართლიანი, ჩატარდა დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტების დარღვევით და არ ასახავდა საქართველოს მოქალაქეების ნებას. აღნიშნავს, რომ მასშტაბურმა გაყალბებამ დააზიანა არჩევნების პროცესის კეთილსინდისიერება, შედეგების მიმართ გააჩინა ეჭვები და წაშალა საზოგადოების ნდობა, როგორც შიდა, ასევე, საერთაშორისო მიმართულებით, ნებისმიერი ახალი მთავრობის მიმართ;
- მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, ასევე, პარლამენტებსა და შიდასაპარლამენტო ინსტიტუტებს, არ აღიარონ „ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტი და მათ მიერ დანიშნული პრეზიდენტი; შესაბამისად, მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, შეუერთდეს თვითგამოცხადებული ქართული ხელისუფლების ბოიკოტს;
- აგრძელებს სალომე ზურაბიშვილის საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად აღიარებს, მიესალმება მის მცდელობებს, რომ ქვეყანა მშვიდობიანად დააბრუნოს დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე; მოუწოდებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, რომ შემდეგ სამიტზე სალომე ზურაბიშვილი მოიწვიოს, როგორც საქართველოს წარმომადგენელი;
- აღნიშნავს, რომ არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნებით. მოითხოვს, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს შემდეგ რამდენიმე თვეში გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც მართავს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და დააკვირდებიან სანდო საერთაშორისო დამკვირვებლები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილად თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი. მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებსა და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს, მკაცრად მოითხოვონ ახალი არჩევნები და ევროკავშირთან ნებისმიერი მომავალი თანამშრომლობა მკაფიოდ დაუკავშირონ საპარლამენტო არჩევნების ახალი თარიღის განსაზღვრას;
- მოუწოდებს საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესოს დაუყოვნებლივი და პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახისა და კომპანიების წინააღმდეგ, გაუყინოს ყველა აქტივი EU-ში საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო, დემოკრატიული უკუსვლის გამოწვევასა და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ ქმედებების გამო. მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას, ჩამოართვას ბიძინა ივანიშვილს ღირსების ლეგიონი და დააწესოს მის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები. მიესალმება ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ჩეხეთის მიერ დაწესებულ სანქციებს, ასევე, აშშ-სა და ბრიტანეთის მიერ.
ამასთან, ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ფუნდამენტური უფლებების დაცვა ევროკავშირის ვიზა ლიბერალიზაციის კრიტერიუმებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა; კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკომისიასა და საბჭოს, გადახედონ საქართველოს უვიზო რეჟიმის სტატუსს და საჭიროების შემთხვევაში, განიხილონ მისი შეჩერების შესაძლებლობა, თუ დადგინდება, რომ EU-ის სტანდარტები დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების დაცვის შესახებ საქართველოში აღარ სრულდება.