PACE ხუთშაბათის სესიაზე გეგმავს, განიხილოს რეზოლუციის პროექტი, რომელიც საქართველოში მიმდინარე ბოლო პროცესებთან დაკავშირებით ასამბლეის შეშფოთებასა და რეკომენდაციებს აერთიანებს.
საპარლამენტო ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოხატავს, რომ მიუხედავად ასამბლეის გადაწყვეტილებისა, შეზღუდული უფლებამოსილებით ეცნოთ საქართველოს დელეგაციის წევრობა, დელეგაციის წევრებმა ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტეს.
ასამბლეა მიიჩნევს, რომ რატიფიცირებული წევრების მიერ მის მუშაობაში მონაწილეობა და პროცედურების მონიტორინგი ვალდებულებაა და არა არჩევანი.
რეზოლუციის პროექტი იხსენიებს წინა რეზოლუციას, რომელიც ასამბლეამ იანვარში მიიღო და წუხილს გამოთქვამს, რომ ამ რეზოლუციაში გაცემული რეკომენდაციები არ შესრულებულა და სიტუაცია ქვეყანაში კვლავ უარესდება.
კერძოდ, ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ:
შეიცვალა ადგილობრივი არჩევნების ბარიერი, მაჟორიტარების რაოდენობა და პროპორცია. ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს ცვლილებები.
ასევე ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლის მიხედვით, საჯარო მმართველობის სფეროში არასამთავრობოების მონაწილეობა გამოირიცხა და ცესკოს წევრის ასარჩევად საჭირო ხმათა რაოდენობა შეიცვალა.
PACE მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ აღადგინოს პირობები დემოკრატიული არჩევნებისთვის.
გარდა ამისა, ასამბლეა შეშფოთებულია პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და სამოქალაქო ლიდერების დაკავებებითა და სამართლებრივ პროცესების მათ წინააღმდეგ გამოყენებით.
„შეშფოთებულები ვართ იმ ფონდების დაყადაღებით, რომლებიც ფარავდნენ დემონსტრანტებისა თუ სამსახურიდან გათავისუფლებულთა იურიდიულ ხარჯებს, ჯარიმებსა და სხვა ფინანსურ ზარალს.
ასამბლეა იმეორებს თავის მოწოდებას, რომ ყველა დაკავებული მომიტინგე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და რეკომენდაციას უწვეს, რომ ისინი მოინახულონ წამებისა და არაადამიანური, ან ღირსების შემლახავი მოპყრობის, ან დასჯის ევროპული კომიტეტის წარმომადგენლებმა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ასამბლეა შეშფოთებულია იმით, რომ პოლიციის მხრიდან დარღვევები ეფექტურად გამოძიებული არაა. დოკუმენტში ნახსენებია ანგარიშები, რომელშიც საუბარია აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციელების სასტიკ და უსამართლო მოპყრობაზე და მოუწოდებს ხელისუფლებას, ჩატარდეს გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება.
ასამბლეა გმობს ოპოზიციონერი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ დამამცირებელ მოპყრობას.
დოკუმენტში საუბარია ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, რომელსაც, ვენეციის კომისიის შეფასებით, მსუსხავი ეფექტი ექნება შეკრების და გამოხატვის თავისუფლებაზე და მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს ცვლილებები და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ევროპის ადამიანის უფლებათა და სამართლის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს.
ასამბლეა მედიის მდგომარეობასაც ეხება და შეშფოთებას გამოთქვამს მედიის შემზღუდველ ახალ კანონზე, რომლითაც მედიას უცხოური დაფინანსება აეკრძალა და სახელმწიფო რეგულირების როლი გაიზარდა. ასევე დოკუმენტში საუბარია საჯარო სექტორიდან თანამშრომლების გათავისუფლებაზე.
ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს „ფარას ქართული ასლის“ მიღებაზე.
დოკუმენტში წერია, რომ ეს კანონი ემსახურება იმავე მიზანს, რასაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ემსახირებოდა, თუმცა ის უფრო მკაცრ სასჯელს უწესებს კანონდარღვევას და ამას ექნება სამოქალაქო საზოგადოებაზე დესტრუქციული გავლენა.
ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, სრულად გაიზიაროს ვენეციის კომისიის მოსაზრება ამ კანონზე.
PACE მწუხარებას გამოვამს „ოცნების“ საგამოძიებო კომისიის შექმნის გამო, განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს იმაზე, რომ ამ კომისიის მუშაობის შედეგი ენმ-ის აკრძალვა და პარტიების აკრძალვის კანონი იქნება.
ასამბლეის პოზიციით, საქართველოში ოპოზიციის აკრძალვა ევროსაბჭოს წევრობის ვალდებულებების უხეში დარღვევა იქნება და ასეთი ქმედებების საფრთხეც კი ამძიმებს ქვეყანაში პოლიტიკურ უთანხმოებას.