ევროპარლამენტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 577-მა წევრმა დაუჭირა, 33 კი წინააღმდეგ წავიდა. ის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის გარშემო შექმნილ სიტუაციას ეხება.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ბოლოდროინდელი სამედიცინო ანგარიშები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის რთულ მდგომარეობაზე მიუთითებს. მათ შორის, დოქტორ დევიდ სმიტისა და M.D. & Associates ჩატარებული სამედიცინო კვლევები მის ორგანიზმში მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების კვალზე მიუთითებენ, ასევე ბევრი პათოლოგიური სიმპტომი აჩვენებს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა შეესაბამება მძიმე მეტალით მოწამვლას, ეს კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფად გაურესებას იწვევს.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება შეუქცევადად გაუარესდეს, გამოიწვიოს მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება ან სიკვდილიც კი, თუკი ის ვერ მიიღებს შესაბამის სამედიცინო მომსახურებას.
ასევე აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი მოსაზრებითაც, სააკაშვილის მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა ბოლო თვეების განმავლობაში და საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინბით, მისი გათავისუფლება, რათა შეძლოს მკურნალობა.
ევროპარლამენტი მიუთითებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა, ევროკავშირის დელეგაციამ და საერთაშორისო საზოგადოების არაერთმა წარმომადგენელმა გამოხატა შეშფოთება სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაიცვას მისი უფლებები.
შესაბამისად, ევროპარლამენტი:
1. გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, რომელიც 2021 წლის ოქტომბრიდან საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდეგ პატიმრობაში იმყოფებოდა, 2018 წელს გაასამართლეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით და ამჟამად სასამართლო განიხილავს მის წინააღმდეგ დამატებით საქმეებს, რომლებიც საპროტესტო აქციების დაშლას, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას და ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს მოიცავს;
2. იმეორებს თავის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ გაათავისუფლოს სააკაშვილი და მისცეს მას საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო მკურნალობის შესაძლებლობა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის შესაბამისად, ჰუმანიტარულ საფუძველზე დაყრდნობით და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისთვის;
3. ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ციხეში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და რომ ხელისუფლებამ უნდა დაიცვას მისი უფლებები, ღირსება და უფლება სამართლიანი სასამართლოს შესახებ;
4. მოუწოდებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, რომ გააკეთოს შეთავაზება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამოუკიდებელი სამედიცინო შეფასებასა და მისი სათანადო სამედიცინო მომსახურებისთვის საზღვარგარეთ გადაყვანაში დახმარებისთვის.
5. აღნიშნავს, რომ უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია სააკაშვილის დაკავებისა და მისი საქმის ირგვლივ კიდევ უფრო მკაფიოდ აჩენს მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმის საფუძვლიანად განხორციელების უდიდეს მნიშვნელობას, გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის 2021 წლის შემდგომი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საფუძველზე, ინკლუზიური და ინტერპარტიული კონსულტაციების პროცესის დახმარებით;
6. ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ მართლმსაჯულების რეფორმა მისცემს საშუალებას საქართველოს, დაძლიოს დამაზიანებელი პოლარიზაცია მის შიდაპოლიტიკაში, მედიაში, ბიზნესსა და საზოგადოებაში. რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მთავარი პრიორიტეტების შესრულებაში;
7. უარყოფითად აფასებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზების მცდელობებს, რომელიც ჰუმანიტარული საკითხია და საჭიროებს დაუყოვნებლივ მოქმედებას;
8. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს განურჩევლად ყველა მოქალაქის უფლებების დაცვა საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებებისა და ევროპული ამბიციების შესაბამისად. მოუწოდებს ადამიანის უფლებათა საკითხებისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის სრულად იმპელემენტაციისა და ადამიანის უფლებების დარღვევების წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლისკენ.
9. ავალებს ევროპარლამენტის პრეზიდენტს, გაუგზავნოს ეს რეზოლუცია ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საბჭოს, ევროკომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ეუთოს, ასევე საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს.
რეზოლუცია ასევე შეიცავს შესწორებას, რომელიც ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა „ევროპის სახალხო პარტიის“ სახელით წარადგინა. შესწორებას მხარი 362-მა წევრმა დაუჭირა, 121 მოწინააღმდეგე იყო, 151-მა კი თავი შეიკავა.
შესწორებაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე თავისუფლების აღკვეთაში, როგორც პირადი ვენდეტის ნაწილად; იმეორებს თავის მოწოდებას, რომ საბჭომ და დემოკრატიის მქონე პარტნიორებმა უნდა განიხილონ ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციების დაკისრება იმ როლისთვის, რაც საქართველოს პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში შეიტანა.