სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დღეს, 12 ივნისს პარლამენტში 2023 წლის ანგარიშს წარადგენს.
მასში ხაზგასმულია შემდეგი ფაქტორები:
ოკუპაცია
უწყების ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენდა.
2023 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ რჩებოდა უკანონოდ განლაგებული რუსული მძიმე შეიარაღება და სამხედრო კონტინგენტი.
სუსი მიუთითებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალა, გასული წლების მსგავსად, კვლავ აქტიურად ახორციელებდა უკანონო სამხედრო აქტივობებს, მათ შორის, უკანონო სამხედრო წვრთნებსა და პირადი შემადგენლობის როტაციას.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა.
მთელი წლის განმავლობაში საოკუპაციო ძალები განაგრძობდნენ უკანონო დაკავებებსა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას, რომლის მთავარ მიზანს მოსახლეობაში დაუცველობის განცდის გაღვივება, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და საზოგადოებაში ნიჰილიზმის გავრცელება წარმოადგენდა.
საანგარიშო პერიოდში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა და გართულდა 2023 წლის ნოემბერში, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად მოკლეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური.
ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი დაფიქსირდა ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც მოკლულ იქნა საქართველოს მოქალაქე ვიტალი (თემურ) კარბაია.
სუსი საუბრობს 2016 წელს გიგა ოთხოზორიას მკვლელობასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციას სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინდა.
გარდა ამისა, სუსი მიუთითებს, რომ 2023 წლის განჩინებით, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ (ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე) სრულად დასაშვებად გამოაცხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებელია რუსეთი, რადგან განგრძობითად ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე.
უწყების განცხადებით, 2023 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში, საერთო ჯამში, საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს მის ხელთ არსებული ყველა ფორმალური თუ არაფორმალური მექანიზმისა და სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებას, განსაკუთრებით, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის კონცენტრაციას, რათა უმოკლეს ვადებში მიაღწიოს უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების უპირობო გათავისუფლებას.
2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიები.
აფხაზეთი
სუს-ის ანგარიშში რუსეთის ანექსიურ პოლიტიკაზეა საუბარი და მათ შორის დასახელებულია ოკუპირებულ ბიჭვინთაში არსებული ე.წ. სახელმწიფო აგარაკის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის ფაქტი.
აღნიშნული პროცესის რუსეთის სასარგებლოდ დასრულებით მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ მისი ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მოსახლეობაში გაჩენილი უკმაყოფილების მინიმიზებისთვის საოკუპაციო ძალა მუდმივად ცდილობდა წარმოჩენას, თითქოს ე.წ. სახელმწიფო აგარაკის გასხვისების შესახებ ე.წ. შეთანხმებაზე უარის თქმა პირდაპირ უკავშირდებოდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ინტერესებს და რუსეთთან ოკუპირებული აფხაზეთის „ურთიერთობას“ დააზიანებდა.
დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებულ რეგიონში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ხშირ შემთხვევაში წინ უძღოდა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების შეხვედრა რუსეთის მთავრობის წევრებთან, როგორც ეს მოხდა ოჩამჩირეში რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ფლოტის „მუდმივი ბაზირების პუნქტის“ შექმნის შესახებ გეგმის ფარგლებში. ანგარიშში ნათქვამია, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტის აშენების შემთხვევაში, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოიყენებს.
დოკუმენტში ნახსენებია სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის საკითხი და აღნიშნულია, რომ ეს იქნება რუსეთისთვის დამატებითი ბერკეტი რეგიონში მისი პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების გაძლიერებისთვის.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ანექსიის პოლიტიკას ემსახურება ოკუპირებულ აფხაზეთში „აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“ ე.წ. კანონპროექტის შემუშავება, რომლითაც, დოკუმენტის თანახმად, შესაძლებელი გახდება რუსეთის მოქალაქეების მიერ ოკუპირებულ რეგიონში უამრავი ქონების შეძენა და „მნიშვნელოვანი დემოგრაფიული დისბალანსის“ შექმნა.
2023 წელს განხორციელდა რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „ორმაგი მოქალაქეობის“ შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება, რაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას ითვალისწინებს.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2023 წელს რუსეთისა და ოკუპირებული რეგიონის „ტვირთბრუნვამ“ 414,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რომელიც 2018 წლიდან 70%-ით არის გაზრდილი. „2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტი დაახლოებით 159 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რომლის დაახლოებით 41% (დაახლოებით 65 მილიონი აშშ დოლარი) რუსულ ტრანშს წარმოადგენდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მიდგომები მკვეთრად გამკაცრდა. ამის მიზეზი რუსული გავლენის გაზრდა და აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის კონტაქტების შემცირება იყო.
ცხინვალი
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ანექსია მნიშვნელოვან საფრთხედ რჩებოდა 2023 წელს, რადგან პერიოდულად იდგა რუსეთთან მიერთების საკითხი. ანგარიში ციტირებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერს ალან გაგლოევს, რომლის თქმითაც ცხინვალის მოსახლეობის უმრავლესობა თავს „რუსეთის ნაწილად“ მიიჩნევს.
სუსის თანახმად, საანგარიშო პერიოდში შეინიშნებოდა რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ ე.წ. აღმოსავლეთ ოსეთის ცნების დამკვიდრების მიზანმიმართული მცდელობა, რაც მიზნად ისახავდა თრუსოს ხეობის კონფლიქტის ნაწილად ქცევას, ხოლო საქართველოს „აგრესორად“ წარმოჩენას, რომელმაც თითქოს „მიიტაცა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიები.
დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს ე.წ. ბიუჯეტი დაახლოებით 107 მილიონი აშშ დოლარი იყო, რომლის დაახლოებით 78% (დაახლოებით 83,2 მილიონი აშშ დოლარი) რუსეთის ფედერაციამ დააფინანსა.
რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წელს განიხილებოდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის ე.წ. საბაჟო გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობის გაზრდისა და საბაჟო გადასახადების მოხსნის საკითხი.
კოტრდაზვერვითი საქმიანობა
სუს-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, გამოვლენილ იქნა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების სფეროები და მისწრაფებები, მათი საქმიანობის მეთოდები და ფორმები, საფრთხეების განეიტრალებისა და პრევენციისთვის გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.
კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა სხვადასხვა აქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადებისა და რესურსების მობილიზების მცდელობებს.
სუსის ცნობით, აღნიშნული რისკების გასანეიტრალებლად, სხვა კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციით, უწყებამ განახორციელა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება.
გარდა ამისა, 2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიები, რომლის მთავარი სამიზნე კვლავ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხი იყო.
2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიები
უსაფრთხოების თვალსაზრისით 2023 წელი სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროცესებითა და მკვეთრად გაზრდილი საფრთხეებით იყო დატვირთული. რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, მომეტებული საფრთხეების გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახდენდა ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერატიული ვითარების კონტროლს.
სუსის ანგარიშის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, გამოვლენილ იქნა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების სფეროები და მისწრაფებები, მათი საქმიანობის მეთოდები და ფორმები, საფრთხეების განეიტრალებისა და პრევენციისთვის გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.
კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა სხვადასხვა აქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადებისა და რესურსების მობილიზების მცდელობებს. აღნიშნული რისკების გასანეიტრალებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სხვა კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციით, განახორციელა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, 2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიები, რომლის მთავარი სამიზნე კვლავ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხი იყო.
ტერორიზმი და კიბერუსაფრთხოება
ტერორიზმთან დაკავშირებული საფრთხეები და გამოწვევები 2023 წელს უცვლელი დარჩა. ეს მოიცავდა საქართველოს მოქალაქეების შესაძლო დაბრუნებას, რომლებიც ამჟამად დაეშთან და ალ-ქაიდასთან ერთად იბრძვიან სირიასა და ერაყში, საერთაშორისო ტერორისტების შემოსვლა და ტერორისტული ორგანიზაციების მიერ საქართველოს ტერიტორიის შესაძლო გამოყენება სატრანზიტო მიზნით, საქართველოდან ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების მცდელობები და ტერორისტული ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეების შესაძლო დაქირავება.
სუსი აღნიშნავს, რომ წლის განმავლობაში საქართველოში ტერორისტული აქტები არ მომხდარა. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში ტერორიზმის დაფინანსების შესაძლებლობა საგრძნობლად შემცირდა.
საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ რეაგირება მოახდინა მძიმე და საშუალო სირთულის 140 კიბერინციდენტზე, რომელთაც ადგილი ჰქონდა პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების (სახელმწიფო ორგანოები) წინააღმდეგ, ნათქვამია დოკუმენტში.
ანტიკორუფციული საქმიანობა
სუს-ის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ განხორციელდა მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებები როგორც ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების სახით, ასევე ანალიტიკური და პრევენციული ღონისძიებების მიმართულებით. შედეგად, დაკავებულ იქნა და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა არაერთი თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე.
ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ 2023 წელს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 47 საქმეზე, კერძოდ, დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, თაღლითობისა და სხვა ფაქტებზე. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 72 პირი.
ანგარიშში წერია, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ კოორდინირებულად განხორციელებული პროაქტიული ქმედებების შედეგად, საქართველო კვლავ მოწინავე ადგილს იკავებს საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ მომზადებული კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) თანახმად, 2023 წელს საქართველო 180 ქვეყანას შორის 53 ქულით 49-ე ადგილს იკავებს. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 72.7% დაიმსახურა. კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 14 ქვეყანას. ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველო რეგიონში ლიდერი სახელმწიფოა, ხოლო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ჩამორჩება.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით კი, საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს და ევროპის საუკეთესო ათეულშია.
2022 წელს ანტიკორუფციული სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი კორუფციის პრევენციის სამსახური აქტიურ რეჟიმში განაგრძობდა კორუფციულ დანაშაულებზე საზოგადოებისა და საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის შედეგად გადამზადებული ექსპერტების ჩართულობით, კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულების საკითხებზე თბილისსა და რეგიონებში, ჯამში, გადამზადდა 80-მდე საჯარო მოხელე.