დღეს ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს რეზოლუცია „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ“. თავდაპირველად წარდგენილი იყო 7 პროექტი, თუმცა ამჟამად დეპუტატები კენჭს უყრიან ერთ, შეჯერებულ ვარიანტს.
რეზოლუციაში დაგმობილია რუსული და ჰომოფობიური კანონები, რომლებსაც დეპუტატები ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამოდ აფასებენ და მიუთითებენ, რომ ისინი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევროკავშირში გაწევრების ამბიციებთან, აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეში აგდებს მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სანამ ეს კანონმდებლობები არ გაუქმდება, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში პროგრესი ვერ მიიღწევა.
25-პუნქტიანი რეზოლუციით ევროპარლამენტი:
- გამოხატავს წუხილს, რომ საქართველო, რომელიც ოდესღაც ჩემპიონი იყო ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და დემოკრატიულ პროგრესში, დიდი ხანია, რაც სწრაფ დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის;
- მოუწოდებს კომისიასა და მის წევრ სახელმწიფოებს, გამოიძიონ დემოკრატიული უკუსვლის ის შედეგები, რომლებიც ამ კანონებს აქვთ მათი, როგორც დონორის როლზე საქართველოში და მიაწოდოს შესაძლო გავლენაზე ინფორმაცია მთავრობასა და პარლამენტს; მოუწოდებს, რომ EU-ის ყველა დაფინანსება, რაც გამოყოფილია საქართველოს მთავრობისთვის, გაიყინოს, მანამ, სანამ ზემოაღნიშნული არადემოკრატიული კანონები არ გაუქმდება და დაწესდეს მკაცრი პირობები საქართველოს მთავრობისთვის სამომავლო დაფინანსების გაცემაზე;
- გამოხატავს შეშფოთებას სიძულვილისა და დაშინების კლიმატზე, რომელიც გამოწვეულია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ლიდერების განცხადებებით, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ პოლიტიკურ პლურალიზმზე თავდასხმით; გმობს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობის ლიდერების განცხადებებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვასა და ოპოზიციის „კრიმინალური პოლიტიკური ძალის” მოხსენიებასთან დაკავშირებით; აღნიშნავს, რომ მსგავსი დაშინება სერიოზულად უთხრის ძირს პოლიტიკურ პროცესსა და გამოხატვის თავისუფლებას, და ხელს უწყობს შიშის გარემოს;
- მოუწოდებს, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის ძალადობის სრულფასოვან გამოძიებას;
- იმეორებს კომისიის მიმართ მოწოდებას, რომ შეაფასოს, რა გავლენას ახდენს „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ” და “ოჯახური ღირებულებების” კანონები, გენდერული კვოტების გაუქმება და საარჩევნო კანონმდებლობაში სხვა ცვლილებები ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე ზოგადად და არჩევნების ჩატარებაზე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისად, რა გავლენას ახდენს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების მუდმივ შესრულებაზე, კონკრეტულად ფუნდამენტური უფლებების ჭრილში, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის არსებითი კომპონენტია;
- იმეორებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებებისა და მათი სურვილის მიმართ, რომ იცხოვრონ წარმატებულ, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს ღია საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას; ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მოტივირებული იყო სურვილით, რომ აღიარებულიყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიღწევები და დემოკრატიული ძალისხმევა, ასევე, ევროკავშირში გაწევრების მიმართ მოქალაქეების აბსოლუტური მხარდაჭერა; მიესალმება იმ ძალისხმევას, რომელიც საქართველოს დემოკრატიისა და პროევროპულ გზაზე დასაბრუნებლად საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გასწია;
- გმობს ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ როლს ამჟამინდელ პოლიტიკურ კრიზისა და კიდევ ერთ მცდელობაში, რომ ძირი გამოუთხაროს ქვეყნის ევროატლანტიკურ ორიენტაციას რუსეთისკენ მიბრუნების სასარგებლოდ; იმეორებს მოწოდებას საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, რომ დააწესოს დაუყოვნებლივი და მიზნობრივი პერსონალური სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ საქართველოს პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისთვის;
- მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, რომ პასუხისმგებლობა დააკისროს და დაუწესოს პერსონალური სანქციები ყველას, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ვინც მონაწილეობდა პოლიტიკური ოპონენტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ჩადენილ ძალადობაში და ვინც ავრცელებდა ანტიდასავლურ დეზინფორმაციას. მიესალმება აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის დაწესებულ სანქციებს;
- გამოხატავს შეშფოთებას იმ ფაქტის მიმართ, რომ ბოლო დროს წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები, რაც პარლამენტში „ქართული ოცნების” უმრავლესობამ მიიღო, ღალატობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მისწრაფებებს, რომ იცხოვრონ დემოკრატიულ საზოგადოებაში, გააგრძელონ დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმები, ჰქონდეთ ახლო თანამშრომლობა ევროატლანტიკურ პარტნიორებთან და იყვნენ ერთგულნი ევროკავშირში გაწევრების მიმართ;
- ხაზს უსვამს, რომ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი აქციების ჩატარების უფლებები ფუნდამენტური თავისუფლებებია და პატივცემული უნდა იყოს ნებისმიერ გარემოში, განსაკუთრებით ქვეყანაში, რომლისაც EU-ში გაწევრება სურს;
- ხაზს უსვამს, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიერ “watchdog” (მოდარაჯე ძაღლის) როლის განხორციელება არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში და გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებულ რეფორმებში წინსვლისთვის; შესაბამისად, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთონ, რათა უზრუნველყონ გარემო, სადაც სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია განვითარდება;
- იხსენებს, რომ ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა იმ გაგებით, რომ შესრულდებოდა შესაბამისი ნაბიჯები; ხაზს უსვამს, რომ ბოლო დროს მიღებული კანონები ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ამ ამბიციას და მან საქართველოს EU-ში ინტეგრაცია ფაქტობრივად შეაჩერა;
- იმეორებს მოწოდებას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, უმაღლესი წარმომადგენლის მიმართ, რომ შეახსენოს საქართველოს ხელისუფლებას ის ვალდებულებები, ღირებულებები და პრინციპები, რომელზეც პასუხისმგებლობა აიღო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შემოტანის დროს;
- იმეორებს იმ ხელშესახებ შესაძლებლობებს, რომელსაც საქართველო მიიღებს როგორც კი დაიწყება გაწევრების მოლაპარაკებები, მათ შორისაა გაწევრების წინა პერიოდის დახმარება, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების სტანდარტს, ასევე მხარს დაუჭერს მის ინსტიტუტებს, ინფრასტრუქტურასა და სოციალურ სერვისებს;
- მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, გარანტირებული იქნება გამჭვირვალობა, თავისუფალი და სამართლიანი პროცესი, რომელიც შეესაბამება ხალხის დემოკრატიულ ნებას; ითხოვს მმართველი პარტიის სასარგებლოდ საჯარო და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გამჯდარი პრაქტიკის გაუქმებას; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა, რომ არჩევნებში მონაწილე სადამკვირვებლო სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს დაუბრკოლებლად დაკვირვება და არ ჩაერიოს მათ საქმიანობაში;
- იზიარებს შეშფოთებას, რომელიც ვენეციის კომისიამ გამოხატა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების გამო; ეთანხმება, რომ საარჩევნო კოდექსში ეს ცვლილებები დიდ გავლენას მოხდეს დაინტერესებულ მხარეების აღქმებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის ნდობაზე, მიუკერძოებლობასა და სამართლიანობაზე;
- გამოხატავს შეშფოთებას ქართული დიასპორის მხრიდან არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საზღვარგარეთ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, რითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ უმრავლესობას ერთმევა ხმის მიცემის უფლება; ღრმად შეშფოთებულია ცნობებით, რომ მთავრობა დაბრკოლებებს უქმნის 30 არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციას და „საერთაშორისო – გამჭვირვალობა საქართველოს” მათ ძალისხმევაში, რომ წარმართონ „წადი არჩევნებზე” კამპანია; ამას მიიჩნევს ქვეყანაში დემოკრატიის ძირის გამოთხრის მცდელობად;
- მიუთითებს, რომ უარყოფითი საერთაშორისო გამოხმაურების ფონზე, რაც მოახლოებული არჩევნების ლეგიტიმურობას ეხებოდა, პრემიერ-მინისტრმა ანტიკორუფციულ ბიუროს მისცა “რეკომენდაცია”, რომ გაეუქმებინა მისი 24 სექტემბრის გადაწყვეტილება, რითაც „საერთაშორისო – გამჭვირვალობა საქართველო” „საარჩევნო მიზნების მქონე” ორგანიზაციაც გამოცხადდა. ბიურომ ეს გადაწყვეტილება უკან წაიღო, თუმცა ასე რომ არ მომხდარიყო, საქართველოს ერთ-ერთ ლიდერ სამოქალაქო ორგანიზაციის წაართმევდა უცხოური დაფინანსების მიღებაზე წვდომას, ასევე გაზრდიდა შეშფოთებას ანტიკორუფციული ბიუროს ნეიტრალურობის შესახებ;
- გმობს „ქართული ოცნების” მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის ძალადობრივი ფოტოების საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების მიზნებით გამოყენებას; ასევე მათ კამპანიაში პრორუსულ და ანტიუკრაინულ განწყობებს;
- „ქართული ოცნებისგან” ელის, მოახლოებულ არჩევნებზე ქართველი ხალხის ნებისა და თავისუფალი არჩევანის მიმართ პატივისცემას და ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის უზრუნველყოფას; მოუწოდებს „ქართულ ოცნებას” და მის ლიდერებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა, დაშინება, სიძულვილის ენა, დაკავებები და ზეწოლა, რასაც ახორციელებენ ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ;
- გამოხატავს რწმენას, რომ მოახლოებული არჩევნები იქნება გადამწყვეტი საქართველოს სამომავლო დემოკრატიულ განვითარებასა და გეოპოლიტიკურ არჩევანში; ასევე, მის შესაძლებლობაში მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაში; აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის კონსოლიდაცია მოხდეს ახალგაზრდა თაობის ლიდერებით, რაც გამოიხატა უცხოური აგენტების კანონის წინააღმდეგ სპონტანურ პროტესტებში;
- გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში გაზრდილ რუსულ გავლენაზე, მათ შორის რუსეთიდან გაზრდილ იმიგრაციაზე, გაზრდილ სავაჭრო კავშირებზე რუსეთთან და საქართველოს მზადყოფნაზე, რომ გააგრძელოს რუსეთთან შერიგება უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის და საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად; მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში მიმდინარე აგრესიული ომის საპასუხოდ, გააგრძელოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არაღიარების პოლიტიკა და პატივი სცეს მის ვალდებულებას, სანქციების თავიდან არიდების წინააღმდეგ ეფექტური ზომების გატარების შესახებ; მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ სრულიად შეუერთდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას და ევროკავშირის სტრატეგიას რუსეთის მიმართ;
- მტკიცედ იმეორებს მოწოდებას ჰუმანიტარული მიზნით მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლების შესახებ, რათა მან საზღვარგარეთ მიიღოს სამედიცინო მკურნალობა; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისადმი;
- მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობამ კიდევ უფრო გააუარესა ხელმისაწვდომობა საჯარო ინფორმაციაზე, მათ შორის საბჭოთა პერიოდის არქივებზე, მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის რეგულაციის გამოყენებით, რათა არამართებულად დაესაბუთებინათ არქივზე წვდომის დრაკონული შეზღუდვები; ამასთან, საქართველოს მნიშვნელოვანი საბჭოთა პერიოდის არქივები 2023 წლის ოქტომბრიდან სრულად არის დახურული ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. მიუთითებს რუსეთის მიერ ისტორიის, მათ შორის საბჭოთა ისტორიის მანიპულაციასა და გაყალბებაზე, რაც უკრაინაში მიმდინარე აგრესიული ომისა და სხვა ქვეყნების მიმართ მისი სამხედრო მუქარების ნაწილია; სწუხს საქართველოში სტალინის კულტისა და მასთან დაკავშირებულ საბჭოთა ნოსტალგიის ზრდაზე, რაც მხარდაჭერილია მთავრობის მიერ, რაც ხაზს უსვამს მათ მჭიდრო კავშირს რუსეთთან.
გარდა ამისა, წარდგენილია 5 შესწორება, რომლის კენჭისყრაც ასევე დღეს გაიმართება.
რეზოლუციას კენჭისყრამდე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელმაც მას „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი” უწოდა. მისთვის აღმაშფოთებელია რეზოლუციის ის ჩანაწერი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაა მოთხოვნილი.
პაპუაშვილისთვის ასევე მიუღებელი და „სამარცხვინოა“ რეზოლუციაში ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ჰუმანიტარული მიზნით უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით.
მისივე თქმით, ამაზრზენი და სკანდალურია „საქართველოს მიმართ რეზოლუციაში წაყენებული მოთხოვნა, დავუწესოთ რუსეთს ორმხრივი სანქციები“.