ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ“.
რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ივანიშვილზე, საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში მისი როლის გამო. ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ის ასრულებს საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში.
რა წერია რეზოლუციაში:
1. ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მედიაგარემოსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების მნიშვნელოვნად გაუარესების გამო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს მყარი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს მედიისა და გამოხატვის თავისუფლებას.
2. გმობს ჟურნალისტების დაშინების, მუქარის, ძალადობისა და დევნის შემთხვევების ზრდას. მათ შორის, მედიის წარმომადგენლებისა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის წესით დევნას. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ზედმიწევნით გამოიძიოს ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა და დაისაჯონ პასუხისმგებელი პირები ჟურნალისტებსა და მედიის სხვა მუშაკებზე ძალადობრივი თავდასხმებისა და მისი წაქეზებისთვის. რაც შეცვლიდა ამგვარ დანაშაულებზე დაუსჯელობის განცდას. მოუწოდებს საქართველოს, რომ შეზღუდოს სტრატეგიული მნიშვნელობის კანონმდებლობა საჯარო შეკრებებში მონაწილეობის შესახებ, რომელიც გულისხმობს ადამიანის უფლებათა დამცველებსა და მედიის წარმომადგენლებისთვის კრიტიკულ და დამოუკიდებელ მუშაობაში ხელის შეშლას.
3. მოუწოდებს საქართველოს, რომ უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, რამაც უნდა მოიცვას სარედაქციო დამოუკიდებლობა, მედიაორგანიზაციების მფლობელთა გამჭვირვალობა და პლურალისტური, მიუკერძოებელი და პოლიტიკური შეხედულებების არადისკრიმინაციული გაშუქება კერძო და განსაკუთრებით, საზოგადოებრივი მაუწყებლების გადაცემებში, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის დროს. მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს შეუფერხებელი წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი და უზრუნველყოს ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების უსაფრთხოება, დაცულობა და გაძლიერება.
4. გმობს 2022 წლის 16 მაისს მთავარი პროოპოზიციური ტელეარხის, „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს, რაც ხაზს უსვამს მუდმივ უნდობლობას. საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ; იწონებს ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოწოდებას, რომ განიხილონ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი; კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმის გადაუდებელ საჭიროებას, რომ მთავრობამ რეალურად გააგრძელოს სასამართლო სისტემის რეფორმა მრავალპარტიული, ფართო და ინკლუზიური გზით, რათა გაზარდოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ევროკავშირთან ასოცირებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად.
5. მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკავონ მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიული რიტორიკისა და დისკრიმინაციული მოპყრობისგან და მხარი დაუჭიროს ტოლერანტულ მიდგომას, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს საჯარო განცხადებების დროს.
6. კატეგორიულად გმობს საფუძვლიანი გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის ნაკლებობას იმ პირთა მიმართ, ვინც პასუხისმგებელია თბილისში ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე 2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის დროს; მიუთითებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში დაუშვებელია ასეთი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა, რადგან ეს არღვევს საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობასა და ქვეყნის მიერ ნაკისრ საერთაშორისო და ევროპულ ვალდებულებებს.
მოუწოდებს 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების ქმედითი გამოძიებისკენ; გმობს განგრძობად დისკრიმინაციას ლგბტქი+ პირების წინააღმდეგ; დაჟინებით სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის სრული იმპლემენტაცია მოახდინოს
7. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება მოსმენების სკანდალის საკითხზე და დანერგოს სათანადო მექანიზმები დემოკრატიული ზედამხედველობისთვის სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ ინფორმაციის შეგროვებაზე.
8. ხაზგასმით აღნიშნავს საჭიროებას, რომ გარანტირებული იყოს უსაფრთხო და ხელშემწყობი სამუშაო გარემო ჟურნალისტებისთვის, მედია მუშაკებისთვის, ინფორმაციის საშუალებებისთვის როგორც კანონმდებლობაში, ისე პრაქტიკაში. მათ შორის იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ რუსეთიდან, ბელორუსიდან და სხვა ავტორიტარული რეჟიმის ქვეყნებიდან. მოუწოდებს საქართველოს გამოიყენოს საერთაშორისო თანამშრომლობა რომ გააუმჯობესოს მედიაგარემო და შესაბამისი კანონმდებლობა საუკეთესო საერტაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.
9. აფასებს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ქმედებებს მედიის დასაცავად, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ მუდმივი თავდასხმებისა.
10. აღიარებს საქართველოში არსებულ მრავალფეროვან და პლურალისტურ მედია ლანდშაფტს, მაგრამ სინანულს გამოხატავს უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის გამო მმართველ პარტიასა და კრიტიკულ მედიასაშუალებებს შორის, ისევე, როგორც ოპოზიციურ პარტიებსა და პროსამთავრობო მედიას შორის; ღრმად წუხს მედიის ლანდშაფტის პოლარიზაციის გამო, რაც გავლენას ახდენს მზარდ და დამაზიანებელ პოლარიზაციაზე პოლიტიკურ ლანდშაფტზე.
11. კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს მედიის თავისუფლებაში ჩარევისგან ან პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეების წარმოებისგან მედიის მფლობელებისა და წარმომადგენლების წინააღმდეგ.
12. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ჰუმანიტარული საფუძვლით, რათა მას სათანადო სამედიცინო დახმარება და მკურნალობა მიიღოს საზღვარგარეთ;
13. ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში რუსული დეზინფორმაციისა და ინფორმაციული მანიპულაციის მუდმივი ზრდის გამო, უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტში. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას განავითაროს მედიაწიგნიერების განათლების პროგრამები თავისი მოქალაქეებისთვის, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოებას „ფაქტ-ჩეკის“ (ფაქტების გადამოწმების“) მექანიზმების შექმნაში, აქტიური ნაბიჯები გადადგას ადგილობრივი თუ უცხოელი აქტორების მხრიდან დეზინფორმაციული კამპანიების პრევენციისთვის, რომელიც მიმართულია ქვეყნის წინააღმდეგ, ისეთი დაუცველი ჯგუფების ან პირების წინააღმდეგ, როგორიცაა ეთნიკური უმცირესობების თემებში, კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები პირები და პოლიტიკური პარტიები.
14. ევროპარლამენტი მოუწოდებს ყველა ქართველ პოლიტიკურ აქტორს, თავი შეიკავონ რუსული დეზინფორმაციის გამოყენების მცდელობისგან, რომლის სამიზნეც პოლიტიკური ოპონენტები არიან, რადგან ეს მხოლოდ ხელს უწყობს დეზინფორმაციის შემდგომ გავრცელებას და საფრთხეს უქმნის სოციალურ ერთიანობას და დემოკრატიას;
15. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი და ინიციატივა, რომელიც ეძღვნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მდგრადობის გაძლიერებას და მოუწოდებს კომისიას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, უზრუნველყონ პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის;
15 ა. გამოხატავს შეშფოთებას დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ასრულებს ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში და კონტროლის იმ დონეზე, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს მთავრობაზე და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე; ღრმად არის შეშფოთებული ივანიშვილის გამოაშკარავებული პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით; მოუწოდებს საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ივანიშვილზე, საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში მისი როლის გამო.
16. ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მონაწილეობას 2021-2027 წლების შემოქმედებითი ევროპის პროგრამაში; მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს მხარი დაუჭირონ იმ აქტივობებს, რომლებიც აკონტროლებენ და აფასებენ მედიის პლურალიზმისა და თავისუფლების რისკებს, იცავენ საფრთხის ქვეშ მყოფ ჟურნალისტებს და ხელს უწყობენ საქართველოში საინფორმაციო მედიის სექტორის ტრანსფორმაციასა და კონკურენტუნარიანობას;
17. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოსა და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში, და ამით ცალსახად აჩვენონ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა რეალიზდეს ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებები. ამას მოწმობს ქვეყნის 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრებაზე. ევროპარლამენტი გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური სწრაფვა იმსახურებს ხორცშესხმას და მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად. ეს უნდა მოხდეს დამსახურების საფუძველზე და შემდეგი პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს;
18. ევროპარლამენტი ავალებს თავის პრეზიდენტს, გაუგზავნოს ეს რეზოლუცია კომისიის ვიცე-პრეზიდენტს / კავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას და საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს.