Reuters აქვეყნებს უკრაინისა და ევროპული მხარის მიერ მომზადებულ სამშვიდობო წინადადებას, რომელიც მათ აშშ-ს გადასცეს. წინადადება მომზადდა 23 აპრილს ლონდონში უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა, გერმანიის და აშშ-ს დელეგაციებს შორის შეხვედრისას.
წინადადება რამდენიმე ქვეპუნქტს მოიცავს:
ცეცხლის შეწყვეტა:
ცაში, მიწასა და ზღვაზე სრული ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება;
ორივე მხარე იწყებს დაუყოვნებლივ მოლაპარაკებებს ტექნიკურ იმპლემენტაციაზე, შეერთებული შტატებისა და ევროპული ქვეყნების მონაწილეობით.
ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი, რომელსაც შეერთებული შტატები უძღვება და მხარს უჭერენ მესამე ქვეყნები;
რუსეთმა უპირობოდ უნდა დააბრუნოს ყველა დეპორტირებული და უკანონოდ გადაადგილებული უკრაინელი ბავშვი. ომის ყველა ტყვის გაცვლა (“ყველა ყველაზე” პრინციპით). რუსეთმა ყველა სამოქალაქო პატიმარი უნდა გაათავისუფლოს.
უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის:
უკრაინა უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს იღებს, მათ შორის შეერთებული შტატებისგან (მე-5 მუხლის მსგავსი შეთანხმება), მაშინ, როდესაც მოკავშირეებს შორის კონსენსუსი არ არსებობს ნატო-ში წევრობაზე;
არავითარი შეზღუდვები უკრაინის თავდაცვით ძალებზე;
გარანტორი ქვეყნები შედგებიან ევროპული ქვეყნებისა და სურვილის მქონე არაევროპული ქვეყნებისგან. არავითარი შეზღუდვები უკრაინის ტერიტორიაზე მეგობრული უცხოური ძალების განლაგებაზე, იარაღსა და ოპერაციებზე;
უკრაინა აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანებას.
ტერიტორია:
ტერიტორიული საკითხები განხილული იქნება და მოგვარდება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ;
ტერიტორიული მოლაპარაკებები კონტროლის ხაზის საფუძველზე დაიწყება;
უკრაინა შეერთებული შტატების ჩართულობით ხელახლა მოიპოვებს კონტროლს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და ასევე კახოვკას კაშხალზე;
უკრაინა სარგებლობს შეუფერხებელი წვდომით დნიპროს მდინარეზე.
ეკონომიკა:
შეერთებული შტატები და უკრაინა თანხმდებიან ეკონომიკური თანამშრომლობის / მინერალების შესახებ.
უკრაინა სრულად უნდა აღდგეს და მიეცეს ფინანსური კომპენსაცია მათ შორის რუსეთის სუვერენული აქტივებიდან, რომლებიც გაყინული დარჩება მანამდე, სანამ რუსეთი უკრაინისთვის მიყენებულ ზიანს არ აანაზღაურებს.
2014 წლიდან შეერთებული შტატების მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციები შესაძლოა ეტაპობრივად შემსუბუქდეს მას შემდეგ, რაც მყარი მშვიდობა იქნება მიღწეული, და შესაძლოა განახლდეს თუ სამშვიდობო შეთანხმება დაირღვევა” – ვკითხულობთ წინადადებაში.