რა წესებია ძაღლის გასეირნება-გადაყვანისთვის | რა წერია დადგენილებაში და რამდენია ჯარიმა

პუბლიკა

გასულ კვირას რუსთავში ძაღლმა რამდენიმე ადამიანი დაგლიჯა. ადგილობრივი მედიის, „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, პიტბულის ჯიშის ძაღლი პატრონს საბმელისა და ალიკაპის გარეშე მიჰყავდა, ძაღლი კი მათ მოულოდნელად დაესხა თავს. მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე მომდევნო დღეებში ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მთავარმა იურისტმა განაცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, პარლამენტში იმ კანონპროექტის განხილვები იგეგმება, რომლებიც შინაური ცხოველების ყოლის წესებს განსაზღვრავს.

კახაბერ იოსელიანის თქმით, კანონპროექტით, რომლის განხილვაც რამდენიმე წლის წინ დაიწყო და შეჩერებული იყო, შესაძლოა, გარკვეული ჯიშის ძაღლების გამრავლება საერთოდ აიკრძალოს კიდეც.

ამას გარდა, ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტების საკრებულოს მიღებული აქვს დადგენილება, რომელიც ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ წესებს განსაზღვრავს. მაგალითად, ასეთი დადგენილება მიღებული აქვს როგორც თბილისის, ასევე რუსთავის საკრებულოს.

დადგენილებაში მათ შორის გაწერილია საზოგადოებრივ ადგილებში ძაღლების გასეირნების წესიც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ძაღლის გასეირნება/გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით ან საბმელით და ალიკაპით.

„ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები), გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი ადგილებისა და გადაყვანა 07:00 – 23:00 საათების პერიოდში ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით ან საბმელით და ალიკაპით. იგივე კატეგორიის ცხოველების გასეირნება და გადაყვანა იგივე კატეგორიის ადგილებში 23:00 – 07:00 საათების პერიოდში ნებადართულია ალიკაპით, საბმელის გარეშეც. ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით”, – ვკითხულობთ თბილისის საკრებულოს დადგენილებაში.

მსგავსი ჩანაწერია რუსთავის საკრებულოს მიერ მიღებულ დოკუმენტშიც:

„ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები), გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი ადგილებისა, ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ საბმელით და ალიკაპით”, – წერია რუსთავის საკრებულოს დადგენილებაში.

რა ხდება მაშინ, თუ ძაღლის პატრონი აღნიშნულ წესს დაარღვევს?

მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლი ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებს.

კერძოდ, წესის დარღვევა, რომელიც მათ შორის მოიცავს საზოგადოებრივ ადგილებში ძაღლების გასეირნება/გადაყვანას, გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების მეხუთედ მინიმალურ ოდენობამდე, ხოლო თანამდებობის პირის დაჯარიმებას – შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.

მეორე პუნქტის მიხედვით კი, ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში – გამოიწვევს მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას იოსელიანი განმარტავს, ამ ნორმის აღსრულება მუნიციპალური ორგანოების დისკრეციაა. თბილისის მაგალითზე ის აღნიშნავს, რომ მიუხედავად მწირი ადამიანური რესურსისა, სამსახურს ხშირად გამოუყენებია აღნიშნული მუხლი და დაუჯარიმებია ძაღლის მეპატრონე წესების დარღვევისთვის.