ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განცხადებით, საცურაო აუზებმა და სპორტდარბაზებმა მუშაობის დასაწყებად, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები უნდა დააკმაყოფილოს და ინსპექციის შემოწმება გაიაროს.
მან მოკლედ ჩამოთვალა მოთხოვნები, რომლებსაც დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდეს. ფერაძის ინფორმაციით, სრულად დოკუმენტი დღის განმავლობაში გამოქვეყნდება.
რა წესებს უნდა იცავდნენ საცურაო აუზები და სპორტდარბაზები?
„ყოველ 6 კვადრატულ მეტრზე მოხდება ერთი ადამიანის დაშვება, ვენტილაციას მიენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა. უპირატესობა ენიჭება ბუნებრივ ვენტილაციას, ხოლო ხელოვნური ვენტილაციის არსებობის შემთხვევაში, ნომინალურ სიჩქარეზე უნდა იყოს გადართული და შესაბამისი პროტოკოლი და წესი იქნება ამ კუთხით.
დალაგების შემდგომ ორპირი ქარის პრინციპით უნდა მოხდეს განიავება, საშხაპეები უნდა იყოს შესაბამისი ტიხრებით გამოყოფილი ერთმანეთისგან, ასევე კარადები უნდა იყოს გამოყენებული ერთის გამოტოვებით თითოეული ადამიანისთვის.
პირსახოცები უნდა იყოს ერთჯერადი შეფუთვით და წესდება ლიმიტი ჯგუფური ვარჯიშების განხორციელებისას – არაუმეტეს 10 ადამიანით განხორციელდება პროცედურის წარმართვა.
რაც შეეხება აუზებს, წყლის ლაბორატორიული კვლევა იქნება კოლიბაქტერიებზე და გადახრის შემთხვევაში უკვე სრულფასოვანი მიკრობიოლოგიური კვლევა [იქნება საჭირო].
შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვადი, რბილი მასალის გამოყენება. შეზლონგები უნდა დეზინფიცირდეს ყოველი გამოყენების შემდგომ“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.