რა წესებით იმუშავებენ სილამაზის სალონები გახსნის შემდეგ - ინსტრუქცია

პუბლიკა

სილამაზის სალონების გახსნა მთავრობის არსებული განკარგულების მიხედვით მეოთხე ეტაპზე, 8 ივნისიდან უნდა დაიწყოს.

კონკრეტულად სილამაზის სალონებისთვის რეკომენდაციები დამტკიცებული არ არის. ამიტომ, სალონების ფედერაციის პრეზიდენტის, თამუნა შარაშენიძის თქმით, ამ დაწესებულებებზე პრევენციის ზოგადი რეკომენდაციები ვრცელდება.

ფედერაცია ზოგად რეკომენდაციებზე დაყრდნობით სალონებს სთავაზობს იმ წესების ჩამონათვალს მარტივად, რომელიც ბრძანებებშია გაწერილი:

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, არის რომ უნდა შეიძინოთ უკონტაქტო თერმომეტრები, დამცავი ფარები, დეზობარიერები. ნიღბები და ხელთათმანები ისედაც მოიპოვებოდა სალონებში.

ყველა თანამშრომელი ვალდებულია, სამსახურში გამოცხადებისთანავე გაიზომოს სიცხე და აღრიცხვის ჟურნალში შეიტანოს მონაცემები.

კარებში უნდა იდგეს ერთი თანამშრომელი, რომელიც შემოსულ მომხმარებელს გაუზომავს სიცხეს, დააბანინებს ხელს/დეზინფექციას გაუკეთებს სადეზინფექციო სხნარით, რომელიც იქვე გექნებათ მოთავსებული. აუცილებელია, ყოველი კლიენტის მონაცემები (ტემპერატურა) შეტანილი იქნას აღრიცხვის ჟურნალში.

ხელოსნებს შორის, ასევე მომხმარებლებს შორის მანძილი უნდა იყოს 2 მეტრი.

მომხმარებლებს უნდა ეკეთოთ ნიღბები და ხელთათმანები, ხოლო ხელოსნებს ფარები, ნიღბები და საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, მანიკიური, კოსმეტოლოგი) ხელთათმანი.

ერთ სივრცეში მაქსიმუმ 5 ადამიანის ერთად ყოფნაა შესაძლებელი.

ვისაც გრძელი თმა აქვს (ხელოსნებს), უნდა დაიმაგრონ.

აკრძალულია მუშაობის პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება.

დამლაგებელმა ხშირად უნდა წმინდოს იატაკი სადეზიფექციო ხსნარით, ხოლო სველი წერტილები, ყოველი მომხმარებლის შემდეგ.

სილამაზის სალონების მფლობელებმა აუცილებელია შეავსოთ სპეციალური ფორმა, სადაც უნდა მიუთითოთ სატრანსპორტო საშუალებები, რომლითაც თქვენი თანამშრომლები დადიან.

ადმინისტრატორებმა ყოველი საუბრის შემდეგ ტელეფონი სადიზენფიქსაციო ხსნარით უნდა გაწმინდონ.