რაც ახლა ხდება, არაფერი აქვს საერთო დავით გარეჯთან | ზაქარეიშვილის შეფასება

პუბლიკა

„რაც ახლა ხდება, ამას არაფერი კავშირი არ აქვს დავით გარეჯთან. ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და პროკურატურაც ამ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს“, – ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „პუბლიკასთან“ დავით გარეჯზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას და კომისიის ორი წევრის დაკავებას.

დღეს პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე კომისიის ორი წევრი – ნატალია ილიჩოვა და ივერ მელაშვილი საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით დააკავა. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას თავის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

როგორც პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური პროცესია, რადგან წლებია, ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს და ხელისუფლებამ არჩევნებამდე ერთ თვით ადრე გადაწყვიტა ამის გარკვევა.

„გარეჯის თემა, ზოგადად,  მეტნაკლებად მძაფრად დადგა, ასე გადახედვის ფორმით, საკაშვილის დროს. მანამდე, თითქოს, ეს სიტუაცია იყო მოწესრიგებული, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეს საკითხი ხელახლა იქცა განხილვის საგნად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო ისე მიიღეს გაეოში (და ასევე აზერბაიჯანიც), რომ მათ არ ჰქონიათ პრეტენზია საზღვრების მიმართ და ჩაითვალა, რომ ეს საზღვრები, რაც ჰქონდათ საბჭოთა კავშირიდან ჩარჩენილი, მათთვის მისაღები იყო. მერე წამოვიდა ეს თემა და საზღვრების დელიმიტაციის დროს აღმოჩნდა, რომ რაღაც  მონაკვეთები თითქოს კრიტიკული იყო ქართული და აზერბაიჯანული მხარისთვის. შემდეგ, 1994 წელს, მოხდა გარკვეულ შეთანხმებაზე გასვლა, ჩართულები იყვნენ ექსპერტები და ა.შ. ამ ამბავში უკან დაბრუნება და დეტალური განხილვა/კვლევა შესაძლებელია, რა თქმა უნდა, თუ მხარეები ამისთვის მზად არიან, მაგრამ ახლა რატომ ხდება თან ამ ფორმით, ესაა უცნაური“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ის აღნიშნავს, რომ იმ პერიოდიდან მოყოლებული ტერიტორიის რაღაც მონაკვეთები შეუთანხმებელია და ეს იწვევს საზოგადობის ვნებათაღელვას ორივე მხრიდან.

„არჩევნების კონტექსტში სჭირდება მას ეს თემა, ხელისუფლებისთვის რა დროს ადამიანების ბედია, ციხეშიც გაუშვებს უდანაშაულო ადამიანს. რეალობა არის ასეთი, ვინც არ უნდა აღუდგეს „ქართულ ოცნებას“ წინ, დღეს ყველას გადაუვლის, ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნოს. ნახავთ, ჩაივლის არჩევნები,  ერთი ან ორი წელი, გაიწელება ეს ყველაფერი. არაფერი არ მოგვარდება ახლა, სამაგიეროდ, ხმაური ახლა აწყობს „ქართულ ოცნებას“, რომ აი, გარეჯზე რაღაც ხდება. შესაძლებელია, მართლაც რაღაც ხდება, მაგრამ ამას ახლა ვერ გავიგებთ. რამე მართლა ხდება თუ არა, ამას არჩევნების შემდეგ გავარკვევთ, როცა ყველაფერი ჩაივლის, ახლა ეს შეუძლებელია“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

როგორც კონფლიქტოლოგი ამბობს, ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობაში ახლა დავით გარეჯის თემა არაა მთავარი, მაგრამ მთავარია ეს თემა წინასაარჩევნო კამპანიაში.

„გავა ხუთი წელი და ისევ იგივე ვითარება იქნება. ამ დაკავებულ ხალხს კი გამოუშვებენ არჩევნების შემდეგ. ეს პოლიტიკური კონტექსტის ნაწილია“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე“ გამოძიება 29 სექტემბერს დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.