რაც არ უნდა ვიღაცები ფრონტებზე ლაპარაკობდნენ, ევროპა არის მშვიდობა - ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საზოგადოებას მიმართა.

„ეს ჩვენი მომავლის დღეა – თქვა მან – პირველ რიგში, მინდა თქვენგან დიდი მადლობა მოვახსენო შარლ მიშელს, რომელიც დაგვთანხმდა, დღევანდელ დღეს მისალმება გაეკეთებინა. ეს მიმართვა თავისი ღრმა მხარდაჭერით და მართლაც გულწრფელობით ჩაწერა იმიტომ, რომ ჩვენი პარტნიორებიდან ის არის ერთ-ერთი, რომელსაც საქართველოს ევროპული მომავლის ნამდვილად სჯერა და მზად არის, რომ ყველა ნაბიჯზე დაგვეხმაროს. დანარჩენი ჩვენი გასაკეთებელია, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების ჩემი დახმარებით. ეს გზა, რომელიც მიდის ჯერ ამ წლის ბოლომდე და მერე ასე არ დამთავრდება, კიდევ სხვა ეტაპებიც იქნება, მაგრამ ეს გზა უნდა გავიაროთ. ყველანაირად ყველა უნდა ვაიძულოთ, რომ ჩვენ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ”.

„ყველა, ვინც აქ დგახართ, ძალიან ბევრ თქვენგანს ევროპაში ოჯახი ჰყავს, ევროპაში არის ნამყოფი, სწავლობდა ევროპაში ან იმედი აქვს, რომ ისწავლის ან იმუშავებს ევროპაში, მაგრამ ჩემი იმედი ცოტა სხვანაირია, ჩემი იმედი არის, რომ ჩვენ ევროპა აქ შემოვიყვანოთ, აქ მივიღოთ ის ყველაფერი, რისთვისაც ჩვენ ევროპაში მივდივართ ხოლმე”. – თქვა პრეზიდენტმა.

„ევროპა არის მშვიდობა… ისტორიაში ქვეყნის ასეთი გაერთიანება ერთადერთია, რომელმაც ამ ქვეყნებს თავიანთი იდენტობა სრულად შეუნარჩუნა და შეუნარჩუნა მათ მშვიდობა. არცერთ ქვეყანას არ დაესხა თავს ევროპა. ეს არის ნამდვილი მშვიდობიანი მომავალი, რაც არ უნდა ვიღაცები ლაპარაკობდნენ “ფრონტებზე”, რაც სრულიად გაუგებარია. ჩვენი მშვიდობიანი, ჩვენი თავისუფალი მომავალი არის მათთან ერთად, მაგრამ ჩვენი იდენტობით, ჩვენი ღირებულებებით და ჩვენი განვითარებით” – განაცხადა ზურაბიშვილმა.