დეკანოზი თამაზ ლომიძე ფეისბუქზე წერს, რომ „ცრურწმენაზე, პრიმიტიულ „სასწაულებსა“ და ცაზე გამოსახულ „რელიგიურ“ ნახატებზე გაზრდილი მორწმუნეები, რომელთაც ამდენი წელია, ქრისტიანობა სახარებისეულად და წიგნიერად არ უსწავლიათ, გადაიქცნენ უდიდეს დაბრკოლებად თავად ეკლესიისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც“
„მამაჩემი, როცა ბავშვები ვიყავით, სულ გვიჩიჩინებდა და გვეუბნებოდა: ახლა უნდა მოასწროთ, ახლა უნდა იკითხოთ წიგნები და ისწავლოთ ყველაფერი, თორემ ის მნიშვნელოვანი მომენტი რომ დაგიდგებათ ცხოვრებაში და ცოდნა დაგჭირდებათ, მერე ვეღარ გამოიქცევით უკან და დაიწყებთ გაცდენილის სწავლასო. აი, ეგ მომენტი დაუდგა სწორედ ჩვენს ეკლესიას და ხალხს”. – ამბობს სასულიერო პირი.
„უნდა ვაღიაროთ, რომ თვით სასულიერო პირთა და მორწმუნეთა ეს ჯგუფი უკვე წლებია, ამუხრუჭებს ქვეყნის განვითარებას. ეს უპირველესად ისევ ჩვენი, ეკლესიის ბრალია. ახლა, ამ განსაცდელისას შეუძლებელია მოვასწროთ ყველა გაცდენილის სწავლა და კანონის მორჩილებაც, სამწუხაროდ, ბევრს არ გააჩნია. რაც დავთესეთ, იმას ვიმკით!” – წერს თამაზ ლომიძე.
_____________
ჯანდაცვის ექსპერტები და მეცნიერები მთელ მსოფლიოში შეთანხმებულნი არიან, რომ სოციალური დისტანციის დაცვა საუკეთესო გზაა კორონავირუსთან საბრძოლველად. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობის თქმით, ნებისმიერი თავყრილობა, მათ შორის ეკლესიებში, შეიცავს ვირუსის გავრცელების საფრთხეს.
მრავალი სპეციალისტი ამბობს, რომ თავყრილობები, მით უმეტეს ერთი კოვზიდან ზიარება, გამოიწვვს ეპიდემიის აფეთქებას, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს. თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ჯერჯერობით, არ სთანხმდება ლიტურგიის მრევლის გარეშე ჩატარებას. ხოლო ხელისუფლება, რამდენიმე განცხადების გარდა, რეალურ წინააღმდეგობას ვერ უწევს მასობრივ კანონდარღვევებს, რასაც ეკლესიის მრევლის ნაწილი ყოველდღიურად მიმართავს.