რაც დღეს ხდება თბილისში, არის პრაიდის უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის ინტერესებში - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დღეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას პრაიდის უკან მდგარ რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს აკისრებს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე სპეციალურ ბრიფინგზე აცხადებს, რომ ძალადობას არ აქვს გამართლება და მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს. მისივე თქმით, ვითარების მართვა არის რთული აქციის მონაწილეების რაოდენობის გამო. მან მოუწოდა შსს-ს, გააკეთონ მაქსიმუმი ძალადობის აღსაკვეთად.

„ჩვენ ვაფრთხილებდით პრაიდის ორგანიზატორებს, რომ მათ მიერ დაგეგმილ აქციას შეიძლებოდა, გამოეწვია მოწინააღმდეგეთა აგრესია და ვითარების ესკალაცია. ამ გარემოებების გათვალისწინებით მოვუწოდებდით მათ, თავი შეეკავებინათ აქციის ორგანიზებისგან.

ამისკენ მოუწოდა პრაიდის ორგანიზატორებს ღარიბაშვილმა. ფაქტია, პრაიდის რეალური მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან იდგა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები.

მინდა, შევახსენო ყველას, ის, რაც დღეს ხდება თბილისში, არის მხოლოდ და მხოლოდ პრაიდის უკან მდგომი  რადიკალური ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობისა“  და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში.

საზოგადოების დაპირისპირება, ვითარების დაძაბვა, ანტიდასაავლური გრძნობების გაღვივება არის ის, რასაც ეს პოლიტიკური ძალები ესწრაფვოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში. ვხედავთ, რომ ამ მიზნების მისახღწევად ახლაც ყველაფერზე არიან წამსვლელი.

მოვუწოდებთ ყველას, არ მისცენ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ ძალებს სიტუაციის მათი პოლიტიკური სცენარის განხორციელების საშუალება“, – განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე – გრძნობს თუ არა ხელისუფლება პასუხისმგებლობას და ხომ არ იჭერს რომელიმე ჯგუფის მხარეს – კობახიძე ამბობს, რომ მმართველი პარტიის ვალდებულებაა, ყველა გააფრთხილოს, რა შეიძლება მოჰყვეს მათ ნაბიჯებს და ამიტომ აფრთხილებდა დღეს პრემიერი და წინა დღეებში მმართველი გუნდის წევრები პრაიდის ორგანიზატორებს.

„რამდენი პოლიციელი უნდა გამოსულიყო, რომ 10 ათასი კაცი ემართა?“, – ამბობს ის.

კობახიძემ გაიხსენა 2019 წლის 20 ივნისი – „თქვენ გახსოვთ, 1000 კაცი უტევდა პარლამენტის შენობას და  როდესაც 1000 კაცამდე უტევდა, იქაც ჭირდა რეაგირება. როცა მასაზეა საუბარი, იქ რთულია რეაგირება, მით უმეტეს ასეთ დროს“, – ამბობს მმართველი პარტიის თავმჯდომარე.