რაც დღეს მოხდა, ეს იყო ვანდალიზმი, – „პარტიზანი მებაღე” ნატა ფერაძე „პუბლიკასთან” ვარკეთილში პარტიზანული სკვერის დაშლას ეხმაურება. დღეს დილით, კომპანიის წარმომადგენლებმა სკვერი დაშალეს. ორი დღის წინ, ღამით, ვარკეთილში „ანას ბაღის“ მიმდებარედ „პარტიზანმა მებაღეებმა” და ადგილობრივმა მოსახლეობამ სკვერი მოაწყვეს.
„დღეს რაც მოხდა, ეს იყო ვანდალიზმის ფაქტი მერიის მხრიდან, ერთ ღამეში 300-მა მოხალისემ გავაშენეთ სკვერი „ანას ბაღის” მიმდებარედ, სადაც დაირგო ბუჩქები, ხე, საქანელები, სკამები და ა.შ. ყოველგვარი ნებართვის გარეშე მივიდნენ, დღეს მზიანი ამინდია, ყოველგვარი ნებართვის გარეშე ამოყარეს და დაყარეს ფესვით ზევით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ნერგები განწირულია გასახმობად.
წესი, ასეთ შემთხვევებს უნდა განიხილავდეს მერია და მერიის ზედამხედველობის სამსახურები, პროფესიონალები უნდა ესწრებოდნენ ამ ბუჩქების გადარგვას და არა ასე ამოყრას. ეს არის ვანდალიზმი და ამაზე აღიძრება ცალკე საქმე. მოსახლეობა მოითხოვს, ამ სკვერს მიენიჭოს სკვერის სტატუსი და აქ ისევ გაშენდეს სკვერი”, – ამბობს ნატა ფერაძე.
„სკვერს ვერ დავარქმევ ამას, დადგეს ერთი საქანელა, რათა ხელი შეეშალათ კომპანიისთვის სამშენებლო სამუშაოებისთვის. მოვედით ჩვენივე ტერიტორიაზე, ავიღეთ დაუზიანებლად მათი ნივთები, გადავუდეთ გვერდზე, ნერგები ჩვენს მიერ დაქირავებული დენდროლოგების მიერ იქნა ამოღებული სრული ნორმების დაცვით. ყველაფერი ხდება კანონის დაცვით”, – ამბობს „პუბლიკასთან” გიორგი ბენაშვილი, კომპანია „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის” წარმომადგენელი.