„რაც გინდათ, ის დაუძახეთ”- პრემიერზე შექმნილი ბანერებით მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბნენ

პუბლიკა

პარლამენტის წინ ამ წუთებშიც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები ბანერებით არიან მისულები, რომლებზეც ვკითხულობთ – „ირაკლი რუსი”, „ირაყლი”, „რაც გინდათ, ის დაუძახეთ” და ა.შ.

სწორედ ამ შინაარსის ბანერების გამო, გუშინ პარლამენტთან რამდენიმე იურისტი და სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი, აქტივისტების ცნობით, ცარიელი ფურცლის ქონის გამო.

დღეს კი მოქალაქეებმა პარლამენტთან, აქციაზე დიდი თეთრი ბანერი მიიტანეს, რათა აქციის მონაწილეებმა დაწერონ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილზე ის, რისი დაწერაც სურთ.

გუშინ, პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიან აქციაზე ბანერის გაშლის გამო დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე (მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს), ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები – ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე.

შსს-ზე დაყრდნობით სულ აქციაზე 7 ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეთა დაკავების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ მოქალაქეები, უფლებადამცველები და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.