საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა.
მისი თქმით, ის, რაც გუშინ მოხდა, არ ეკადრება ქვეყანას და არ აქვს გამართლება.
„რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო სამარცხვინო – ის, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ ეკადრება. ეს იყო ქმედებები, რომლებსაც არ შეიძლება ჰქონდეს გამართლება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ ვიტყვით „მაგრამ“ – არანაირი „მაგრამ“, – ამბობს ის.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, განსაკუთრებით მიუღებელია თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე და არავის აქვს უფლება, მათი საქმიანობა შეაფერხოს.
„ისტორიულად ჩვენს ქვეყანას აერთიანებს სიყვარული და ჩვენი რელიგია, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემას. ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, მით უმეტეს, რელიგიის სახელით, უბრალოდ მიუღებელია.
განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც ჟურნალისტებზე ხდება თავდასხმები – ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ. არავის აქვს უფლება შეაფერხოს მათი საქმიანობა. არ აქვს მსგავს სიძულვილს ადგილი ჩვენს ქვეყანაში. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჟურნალისტებზე, ტურისტიც დაზარალდა და რიგით მოქალაქეებს ქუჩაში დასდევდნენ.
მე მინდა, ამ ადამიანებს ვკითხო – ხვალ მათი შვილები შეიძლება იყვნენ ოპერატორები და ჟურნალისტები და უნდა გაამართლონ მათ შვილებზე ასეთი ქმედება? ეს ყოვლად მიუღებელია“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
მისი თქმით, აუცილებელია ძალადობაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება და მკაცრი რეაგირება.
„უნდა დაისაჯოს ყველა, სხვანაირად ჩვენ ვერ განვვითარდებით. ასევე, არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ევროკავშირის დროშის დაშვებას. მე ჩემს განცხადებაში ვთქვი და, სამწუხაროდ, ვერ შეისმინეს, რომ სახელმწიფოებრივად ეაზროვნათ. ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე იქნებიან იდენტიფიცირებული ეს ადამიანები. ვიცი, რამდენიმე ადამიანი უკვე დაკავებულია, კადრებია, ყველაფერი გადაღებულია და აუცილებელია, მათზე მოხდეს შესაბამისი კანონიერი რეაგირება. არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა და ველოდებით შესაბამის მკაცრ რეაგირებებს ამ ქმედებებზე“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
გუშინ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები 55 პირს გაუსწორდნენ, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. დარბეულია მოძრაობა „სირცხვლიას“ და „პრაიდის“ ოფისები. ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს აკეთებდნენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებიც.
5 ივლისს თბილისში ღირსების მარში უნდა გამართულიყო, თუმცა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ძალადობრივი მეთოდებით მოახერხეს ის, რომ „პრაიდის“ ორგანიზატორებმა მარშის გამართვაზე უარი განაცხადეს.