საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე შოვის სტიქიის დროს გადარჩენილებზე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეთანხმება. დეპუტატი ამბობს, რომ ოცნების თავმჯდომარის ნათქვამი „აბსოლუტურად მართებულია”.
„რაც თქვა ირაკლი კობახიძემ, იყო აბსოლუტურად მართებული და არავითარი მიზეზი არ გაქვთ ახლა, რომ რაღაცა ფორმით ინტერპრეტაციების ტირაჟირება მოახდინოთ, რასაც ახლა თქვენ ცდილობთ. თუ გადარჩა ადამიანი, განაპირა მხარეს არის, ამ ტალახის მასაზე რატომ უნდა გადასულიყო, არ ვიცი უბრალოდ. შეიძლება, რამე კონკრეტული მიზეზი არსებობს” – თქვა სარჯველაძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ „არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმაზე, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც წარმოუდგენელი ტყუილია“. მან ასევე თქვა, რომ სპეკულაციაა თითქოს შოვში „დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა“.