რაც მახსოვს, ვინც გავიდა „ოცნებიდან“, ყველა მოღალატედ მოინათლა და ახლა რა ხდება? - პრეზიდენტი „ოცნებიდან“ გასულ წევრებზე

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „პირველი არხის“ გადაცემა „დღის თემასთან“ ინტერვიუში შეკითხვაზე ბრალდებების შესახებ, თითქოს ევროკავშირს საქართველოს ომში ჩართვა სურს, აცხადებს, რომ მან არ იცის, როდის მოისმინეს ხელისუფლების წარმომადგენლება ევროკავშირისგან ეს, რადგან ისინი არ დადიან ევროპარლამენტში ან ევროკავშირის წევრ ცალკეულ ქვეყნებში.

„თუ ვინმე იყო ჩასული და შეხვდა ევროპელებს მაღალ დონეზე, ეს მე ვარ. თუ ვინმე იყო ჩასული აშშ-ში და შეხვდა მაღალ დონეზე მაქსიმალურად, რაც შესაძლებელი გახდა, მე ვარ და არსად გამიგონია არც ერთი მოთხოვნა, რომ ჩაერთეთ ომში. ეს არის სრულად მოგონილი და საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას“, – განაცხადა მან.

წამყვანის შეკითხვაზე, რომ ომში ჩართვის რიტორიკაზე ბრალდებებს, რომელიც „ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებებიდან უფრო მკაფიო გახდა, აჟღერებს თუ არა ამ სამი დეპუტატის პირით ხელისუფლება, პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“ არ გასულან და ამაში ორი აზრი არ არის.

„ესენი რომ არ არიან გასული არსად, ამაში ორი აზრი არ არის. თვითონაც ამბობენ, რომ ჩვენ ვრჩებით, მაგრამ ეს არის ფორმა, რომლითაც უფრო თავისუფლად ვსაუბრობთო.

საინტერესოა, რომ მესიჯბოქსი არის ზუსტად იგივე, არ გვანან დამოუკიდებელ ადამიანებს. მესიჯბოქსი, გინდათ მუნიციპალიტეტებიდან გასული, გინდაც პარლამენტიდან, არის იგივე, რომ ჩვენ გვჭირდებაო მეტი თავისუფლება და მით იმართლებენ თავს, რომ თვითონაც უზრდელად ლაპარაკობენ. არ ვიცი, ვისი დავალებით, მაგრამ რომ არ არიან გასული „ქართული ოცნებიდან“… მაშინ საჭირო იქნებოდა მთავრობიდან ან პარტიიდან ყოფილიყო მათი დაგმობა.

მე რაც მახსოვს, ვინც გავიდა, გადადგა ერთი ნაბიჯი „ქართული ოცნებიდან“, ყველა მოღალატედ მოინათლა და ახლა რა ხდება?  ღირსეული ადამიანები არიანო, დადებითი შეფასებები არის და არანაირი დაგმობა მათი ექსტრემალური, რადიკალური განცხადებებით. მე მგონი, ნათელია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.