უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ მორიგი ბრიფინგისას რუს ხალხს მიმართა და მოუწოდა, რომ აიმაღლონ ხმა რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მათ, ვინც პროტესტი გამოხატა და განაცხადა, რომ, რაც მალე ეტყვიან რუსეთის ხელისუფლებას, რომ ომი შეჩერდეს, მით მეტი რუსი გადარჩება.
„მინდა, ვუთხრა რუს ხალხს, რომ მომისმინონ, ყველამ აბსოლუტურად. იმ ათასობით დაღუპულს, ასობით ტყვედ ჩავარდნილს ვერც კი გაეგოთ, რატომ გზავნიდნენ უკრაინაში. რისთვის გზავნიდნენ სასიკვდილოდ ან სხვის მოსაკლავად.
რაც უფრო მალე ეტყვით თქვენს მთავრობას, რომ ომი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს, მით უფრო მეტი თქვენი მოქალაქე გადარჩება.
ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენთან არის გამოსვლები ომის წინააღმდეგ. ვხედავ, რომ ბევრი რუსი შოკირებულია მისი ხელისუფლების უზნეობითა და სისასტიკით. ეს ძალიან სწორი რეაქციაა და მადლობას გიხდით ამისთვის.
მადლობას ვუხდი ლეონიდ პარფიონოვს, დმიტრი მურატოვს, იური დუდს, ლია ახეჯაკოვას, ვალერი მელაძეს და რუსეთის ათასობით სხვა ღირსეულ მოქალაქეს, ვისი სიტყვაც ისმის ხმამაღლა.
უბრალოდ, შეაჩერეთ ისინი, ვინც გატყუებთ თქვენ, გვატყუებს ჩვენ და ატყუებს მთელ მსოფლიოს. საჭიროა, რომ დავასრულოთ ეს ომი, რათა ვიცხოვროთ მშვიდობიან სამყაროში“, – განაცხადა ზელენსკიმ თავის მიმართვაში.