„რაც ნიკა გვარამიამ ჩვენ გვლანძღა, ლოგიკაში არ ჯდება“ - ჯაღმაიძე შეწყალებაზე

პუბლიკა

„არა მგონია, რაც ნიკა გვარამიამ ჩვენ გვლანძღა, რაღაც ლოგიკაში არ ჯდება“, – ასე უპასუხა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „TV პირველის“ ჟურნალისტის შეკითხვას ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე.


ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელსა და მეწილეს, ნიკა გვარამიას 2022 წლის 14 მაისს სასამართლომ 3 წელი 6 თვე მიუსაჯა. მოსამართლემ ის დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

ნიკა გვარამიას საქმის შეფასებისას სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს. პროცესს გამოეხმაურა მედიაკოალიციაც:

  • სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიასათვის წარდგენილი ბრალდების შეფასებისას განმარტა, რომ კომპანიის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არათუ სისხლის სამართლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება, ხოლო პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს.
  • კოალიციის წევრი ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დასკვნის თანახმად,  არ დასტურდება ნიკა გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებები.