რაც საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოში ხდებოდა, ის მოხდა დღეს ევროპარლამენტში - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა. კობახიძის შეფასებით, რეზოლუციაში აბსურდული ჩანაწერებია, რომელთაც, მისი თქმით, სამწუხაროდ, უკვე მიეჩვია საზოგადოება. კობახიძის თქით, ევროპარლამენტში სისტემური პრობლემა აქვს და საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს სხდომასაც კი „შეშურდებოდა“ მსგავსი გადაწყვეტილების.

„მაქსიმალურად ვუფრთხილდებოდით ჩვენ ევროკავშირის ინსტიტუტებს და სწორედ ამიტომ აქცენტს ვაკეთებდით კონკრეტულ ოდიოზურ ევროპარლამენტარებზე. მაგრამ ამ შემთხვევაში საზოგადოება ხედავს, რომ ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს ამ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია ევროპარლამენტი.

ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ასეთი გადაწყვეტილება, მე პირდაპირ ვიტყვი, შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც. მე კარგად მახსოვს 80-იანი წლების ბოლო, მაშინ რაც ხდებოდა, გადაიცემოდა ხოლმე საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს სხდომები. იქ რაც ხდებოდა, იგივე მოხდა დღეს და წინა ორი რეზოლუციის შემთხვევაში ევროპარლამენტში. ეს არის კატასტროფა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

ევროპარლამენტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის გარშემო შექმნილ სიტუაციას ეხება.

წინა რეზოლუციაში გამოთქმულ შეფასებას ევროპარლამენტი ახალ რეზოლუციაშიც იმეორებს და ხელისუფლებას ისევ მოუწოდებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცეს. ამასთან ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შესწორებასაც, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ეხება.