რაჭის მოსახლეობა ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტყის გადაცემას აპროტესტებს.
მათ დღეს გამაფრთხილებელი აქციაც გამართეს და მოთხოვნებზე „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ Facebook-გვერდზე პირდაპირ ეთერში ისაუბრეს.
მოძრაობის ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, პროტესტის მონაწილეები გაცემული ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვენ და ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას მოთხოვნების შესასრულებლად ერთკვირიან ვადას აძლევენ.
„ეს არის დასაწყისი ეტაპი ჩვენი პროტესტის, ვიწყებთ რეგულარულ პროტესტს და ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, იქამდე უფრო მეტნი ვიქნებით, შემოგვიერთდება ყველა ის ხეობა, ვინც დღეს აქ არ დგას“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პროტესტის მონაწილეები ონის მუნიციპალიტეტთან გადანაცვლებას და პროტესტის უფრო ფართო მასშტაბებით გაგრძელებას აანონსებენ.
„არ სჭირდება რაჭას ბატონი ამ კაცის სახით და ყველა შემთხვევაში, ყოველგვარი აპელაციის გარეშე ეს ლიცენზია უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
გოლეთიანის თქმით, ის აგროვებს ხელმოწერებს და ამბობს, რომ პროტესტის მონაწილეების რაოდენობა გაიზრდება.
ბიზნესმენს, ე.წ. კარტოგრაფების საქმის მოწმე დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად 2022 წლის მარტში გადაეცა. აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად Mtisambebi.ge-მ გაავრცელა.
დავით ხიდაშელი რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენია, ის სანქცირებულ რუსი ბიზნესმენ ვლადიმერ ევტუშენკოსთან დაახლოებული პირია.
2022 წლის ივლისში „მწვანე ალტერნატივამ“ და რაჭის სათემო ორგანიზაციამ რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირისთვის, რაჭასა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყის 49 წლით გადაცემაზე, საქართველოს მთავრობის განკარგულების გაუქმების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
ასევე, „მწვანე ალტერნატივამ“ და რაჭის სათემო ორგანიზაციამ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რათა ბათილად იქნას ცნობილი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ის ბრძანებები, რომლითაც რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა და ლიცენზია გაიცა.
ორგანიზაციების თქმით, ეს გადაწყვეტილებები მიღებულია საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის, გარემოსათვის ზიანის მიყენების რისკების წინასწარი შეფასების გარეშე, ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო კონვენციებით დადგენილი მოთხოვნების უხეში დარღვევით.