უკრაინის პარლამენტში ინიცირებულია ჰომოფობიური და ტრანსფობიური კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას „ჰომოსექსუალობისა და ტრანსგენდერიზმის პროპაგანდისთვის“, – ამის შესახებ ინფორმაციას „აღმოსავლეთ ევროპული გაერთიანება ლგბტ+თანასწორობა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის „საზოგადოებრივი დემონსტრირება“ უარყოფითად აისახება პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მორალურ ან სულიერ მდგომარეობასა და განვითარებაზე.
ორგანიზაცია წერს, რომ კანონპროექტი რადის ორმა დეპუტატმა – გეორგ მაზურაშუმ და ოლენა ლუსიმ დაარეგისტირეს.
„კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ „ჰომოსექსუალობისა და ტრანსგენდერიზმის აგრესიული პროპაგანდა საფრთხეს უქმნის ოჯახის ინსტიტუტს და არის მორალური საფრთხე“. ისინი ასევე თავს ესხმიან გენდერის საკითხებსა და ამ საკითხებზე მომუშავე ადამიანებს. ამასთან, ისინი ასახელებენ უკრაინის კანონს, რომლის მიზანია, გაზარდოს მამაკაცთა და ქალთა თანასწორობა, გენდერული თანასწორობა და მიაჩნიათ, რომ აღნიშნულიც „ჰომოსექსუალიზმისა“ და „ტრანსგენდერიზმის“ პროპაგანდაა“, – აცხადებს ორგანიზაცია.
ორგანიზაცია, რომელიც რეგიონში ლგბტ საკითხებზე მუშაობას, აღშფოთებას გამოხატავს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ამ კანონის მიღება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებას და ეჭვქვეშ დააყენებს ქვეყნის შესაძლებლობას დაიცვას ყველას უფლებები. მათ მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ხელს უწყობს დისკრიმინაციას.
ორგანიზაცია მოუწოდებს უმაღლესი რადის წევრებს, უარი თქვან აღნიშნულ კანონპროექტზე და დაიცვან ყველა უკრაინელის უფლებები და თანასწორობა.
„მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დააყენოს საკითხი უკრაინის მთავრობასთან და ხაზგასმით აღინიშნოს უკრაინის საერთაშორისო პარტნიორების სურვილი, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, რაც ნიშნავს ადამიანის უფლებების დაცვასა და ადამიანთა დისკრიმინაციის აღმოფხვრას“, – წერს ორგანიზაცია.