„რადიკალების“ რიგებში ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც განიხილეს - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „რადიკალების“ რიგებში „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც განიხილეს.

„ჩიხში შესული რადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა ინფორმაცია. ამასთან განსაკუთრებული ყურადღება გვინდა, გავამახვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას სიფრთხილისკენ, რადიკალებს კი ვაფრთხილებთ, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მცდელობა კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ხოშტარიას მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გაუთქმელობის პირობით მიაწოდეს.

„10-კაციანი თათბირი შედგა, სადაც განიხილეს ეს საკითხი. ვაფრთხილებთ ყველას, უმკაცრესად დაისჯებიან“, – დასძინა კობახიძემ.