უსამართლოა, რომ ზოგიერთ ექიმს თვეში ხელფასი 300 ლარი აქვს, ზოგიერთს კი - 120 000 – ტიკარაძე

პუბლიკა

„ჩვენი ექიმების ანაზღაურება რადიკალურად ასიმეტრიულია და თანხები, რომლებსაც ახლა მე დავასახელებ, ნამდვილად არ მეშლება – ზოგიერთ ექიმს აქვს ანაზღაურება თვეში 300 ლარი და ზოგიერთ ექიმს 120 000 ლარი“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ერთ-ერთი დეპუტატის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. დღეს ტიკარაძეს კანონმდებლები პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ტიკარაძის შეფასებით, ეს ფაქტი არის უსამართლო.

„ეს არ არის მხოლოდ ექიმის კვალიფიკაციაზე და პროფესიონალიზმზე დაყრდნობით. ნამდვილად ვთვლი, რომ ეს გარემო არის საყურადღებო და შესაბამისი ღონისძიებები არის გასატარებელი, რათა 300-ლარიანი [ხელფასის მქონე] ექიმსაც აქვს უფლება, რომ ის ხალათი, რომელიც აცვია, ღირსეულად ეცვას და იყოს ისევე დაფასებული, როგორც ის ექიმი, რომელიც თვლის, რომ სრულიად სამართლიანად აქვს, საქართველოს პირობებში 120 ათას-ლარიანი შემოსავალი თვეში“, – განაცხადა ტიკარაძემ.


მინისტრმა თავის დღევანდელ გამოსვლაში ჯანდაცვის სისტემის ირგვლივ არსებულ სხვადასხვა საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ტიკარაძემ პარლამენტში სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების სტრატეგიასა და სამედიცინო ჰოლდინგის როლზე ისაუბრა.

მისი თქმით, სამედიცინო ჰოლდინგისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სამედიცინო პერსონალისთვის ჯანსაღი შრომითი გარემოს შექმნა და ღირსეული ანაზღაურების სისტემაა.