22 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ „დაფუძნებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და კონტროლირებადი მედია“ ხელისუფლებაზე შეტევითაა დაკავებული.
არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ არასამთავრობოების მოთხოვნები არის ზოგადი, კატეგორიული და ულტიმატუმის ტონით გაკეთებული. მისთვის „გაუგებარია, რას ემსახურება, როდესაც არასამთავრობოების ნაწილი ხელისუფლებას ასე ესაუბრება“, „ულტიმატუმის ტონით“, – აზუსტებს თალაკვაძე.
„არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებები და მოთხოვნები, არის ძალიან ზოგადი, ძალიან კატეგორიული და ულტიმატუმის ტონით გაკეთებული. გაუგებარია ამ რთულ დროში, როცა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ხელისუფლებას ასე ესაუბრება, ეს რას ემსახურება. თითოეულ საკითხზე ძალიან კონკრეტული და მკაფიო პასუხები არსებობს. შესაბამისად, ეს განცხადება ჩვენთვის სიახლე არ გახლავთ. მასში მოცემულ ყველა პუნქტზე არის ძალიან მკაფიო პასუხები. საქართველოს ხელისუფლება ყველა თავის ნაბიჯს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას აფუძნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მოქალაქეების უსაფრთხოების ინტერესებს და იმ ვალდებულებებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით არ აქვს ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს, ჩვენს პარტნიორებს და თავად უკრაინელ ხალხს, რომელთაც არაერთხელ გამოხატეს მადლიერება საქართველოს, ქართული საზოგადოების, ხელისუფლების მხარდაჭერის გამო“, – აცხადებს თალაკვაძე.
მისივე განცხადებით, „რადიკალური ოპოზიცია“ ომისა და რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევების საკითხით სპეკულირებას ცდილობს.
„დღეს, როცა ომია უკრაინაში, ცდილობენ ამ საკითხით ყველანაირ სპეკულაციას, რომ მათი პოლიტიკური დღის წესრიგი გაატარონ, რის საშუალებასაც ჩვენი ხელისუფლება არ მისცემს რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც, პრაქტიკულად, მეხუთე კოლონად გადაიქცა და ამ მეხუთე კოლონას ჰყავს თავისი სოლისტები, შემსრულებლები, მის მიერ კონტროლირებადი მედია და ყოველდღიურ რეჟიმში, როცა ყველა კარი დაკეტილია, ცდილობენ, ფანჯრიდან შემოვიდნენ ამ პროცესში. სხვა ამას არაფერი არ ჰქვია, როცა უკრაინაში ომია და რეგიონში უსაფრთხოების ძალიან სერიოზული გამოწვევები, რითაც არის დაკავებული რადიკალური ოპოზიცია.
მათ მიერ დაფუძნებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მათ მიერ კონტროლირებადი მედია დაკავებულია საკუთარ ხელისუფლებაზე, საკუთარ ქვეყანაზე შეტევით და მუდმივი მცდელობით, რომ საქართველომ გადადგას ნაბიჯები, რომელიც ამ მომენტში იქნებოდა გაუმართლებელი“, – აცხადებს თალაკვაძე.
„საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს“, – 22 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.