„რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ტაჯიკეთის არჩევნებს აკვირდებოდა. ინფორმაცია „რადიო თავისუფლებას” ცესკოში დაუდასტურეს.
ტაჯიკეთში, სადაც 5,5 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული, კვირას, 2 მარტს პარლამენტის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.
ოფიციალური შედეგებით, გამარჯვება მმართველ პარტიას ერგო.
ტაჯიკეთის ცესკოს თანახმად, ქვეყანაში რეგისტრირებული შვიდი პარტიიდან არჩევნებში ექვსი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის – პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის მმართველი პარტია, სახალხო დემოკრატიული პარტია.
თუმცა „რადიო თავისუფლების” ტაჯიკური სამსახურის ცნობით:
- არჩევნებში მონაწილე არცერთი პარტია არ აკრიტიკებს პრეზიდენტ რაჰმონის პარტიას;
- რეალური ოპოზიციური პარტიის, „ტაჯიკეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს, შოკირჯონ ხაკიმოვს „სახელმწიფო გადატრიალების“ ბრალდებით 2024 წლიდან 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი;
- 2015 წელს „ისლამური რენესანსის პარტიის“ აკრძალვის შემდეგ, სწორედ ეს არის ერთადერთი ოპოზიციური პარტია ქვეყანაში.
ეუთო მუდმივად აკვირდებოდა ტაჯიკეთის არჩევნებს, მათ შორის, ბოლო 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, თუმცა 2025 წელს მან ტაჯიკეთში საარჩევნო მისია გააუქმა.