ევროკავშირის სანქციები, რომელსაც ის რუსეთის წინააღმდეგ აწესებს, შესაძლოა ყულევის ნავთობტერმინალსაც შეეხოს.
ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში შესაძლოა, საქართველოს ყულევის პორტიც შეიყვანოს, „რადიო თავისუფლებამ“ გუშინ, 9 თებერვალს გაავრცელა.
გამოცემის თანახმად, სანქციების მე-20 პაკეტისთვის ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტით, სხვა აკრძალვებთან ერთად, მოთხოვნილია რუსეთსა და „მესამე ქვეყნებში“ ოთხ კონკრეტულ საპორტო ტერმინალთან ტრანზაქციების აკრძალვა და სწორედ ამ უკანასკნელ კატეგორიაშია გაყვანილი ყულევის პორტი.
კერძოდ, როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, ყულევის პორტი დასახელებულია სიაში, რომელიც ეხება „რუსეთს გარეთ, მესამე ქვეყნებში არსებულ პორტებს“.
„რადიო თავისუფლებამ“ შესაძლო სანქციების შესახებ ირაკლი კობახიძეს 9 თებერვალსვე ჰკითხა. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა პასუხად თქვა, რომ „ოცნება“ მზად არის, ევროკომისიას ამ თემასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია წარუდგინოს“.
„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ იქ რაიმე ისეთი ხდება, რაც ეწინააღმდეგება სასანქციო პოლიტიკას“, – თქვა ირაკლი კობახიძემ „რადიო თავისუფლების“ კითხვის პასუხად.
2025 წლის 21 ოქტომბერს „როიტერსმა“ გამოაქვეყნა მასალა იმის შესახებ, რომ რუსულმა ნავთობკომპანია „რუსნეფტმა“ საქართველოში, ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია შემოიტანა.
იმავე დღეს შემოსავლების სამსახურმა დაადასტურა, რომ ყულევის ნავსადგურში რუსეთიდან შემოვიდა თბომავალი KAYSERI.
უწყებამ განაცხადა, რომ ხომალდი დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი.
შემოსავლების სამსახურმა არ დაასახელა, რომელი კომპანიის ნავთობია ხომალდზე – „თავი შეიკავა საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან”.
თუმცა, განაცხადა, რომ „გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები.
გარდა ამისა, 2026 წლის 12 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავმა ნავთობტანკერმა NOSTOS [IMO: 9258014], ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთიდან ნედლი ნავთობის მორიგი პარტია ჩამოუტანა.
„[ტანკერი] დატვირთული იყო რუსული კომპანიიდან, ერთ-ერთი უცხოური შუალედური კომპანიის მიერ, ქართული კომპანიისთვის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურაში მოქცევისთვის განკუთვნილი 40 143 ტონა ნედლი ნავთობი“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
2026 წლის 27 იანვარს „აი, ფაქტმა“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის 9 იანვრამდე პერიოდში საქართველოში – ფოთის, ბათუმისა და ყულევის პორტებში შემოსული 19 ტანკერი შესაძლოა რუსეთის ჩრდილოვან ფლოტთან იყოს კავშირში. გამოცემა პორტებს სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდა.
„აი, ფაქტის“ თანახმად, რუსეთის პორტებიდან გამოსული ნავთობტანკერები შავი ზღვის ძირითად ნავთობსატრანსპორტო მარშრუტებზე გადაადგილებისას პერიოდულად თიშავენ ავტომატურ საიდენტიფიკაციო სისტემას, აყალბებენ კოორდინატებს და ჩერდებიან სანაპიროდან მოშორებით.
გამოცემამ 29 იანვარს განაცხადა, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსგან მიიღეს წერილი, სადაც სააგენტო წერდა, რომ ქართული პორტები სანქციებისგან თავის ასარიდებლად არ გამოიყენება.
30 იანვარს განცხადება გაავრცელა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ და განაცხადა, რომ ყველა გემს, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოვიდა და რომელი გემებიც „აი, ფაქტის“ გამოძიებაშია მოხსენიებული, ჰქონდა დაზღვევა.
„საქართველოს ნავსადგურებში შემოსული ყველა გემი გადის მრავალდონიან შემოწმებას, მათ შორის მარშრუტის ანალიზს, ბოლო ნავსადგურებისა და გასვლის ნებართვის გადამოწმებას და AIS მონაცემების შედარებას პროფესიულ სისტემებთან“, – განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ.
18 დეკემბერს ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა „რუსნეფტს“, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, ოქტომბერში საქართველოში ნავთობის პირველი პარტია შემოიტანა. ტვირთი ყულევის ნავთობის ტერმინალმა მიიღო, რომელიც ქარხნიდან 5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
მანამდე, 2025 წლის 24 ოქტომბერს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ხომალდ KAYSERI-საც.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მოკვლევით, დღეის მდგომარეობით კომპანია „რუსნეფტის“ აქციონერთა ზუსტი ვინაობა და განაწილება უცნობია. თუმცა, საჯარო წყაროებში არსებული ბოლო ინფორმაციის მიხედვით, კომპანიას საბოლოო ჯამში დღემდე ფლობს და აკონტროლებს მისი თავდაპირველი დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი მიხაილ გუცერიევი (მისი ძმის, სხვა ოჯახის წევრებისა და მათი კომპანიების საშუალებით).
მიხაილ გუცერიევი ჯერ კიდევ 2021 წელს მოხვდა დასავლურ სანქციებში ბელარუსის დიქტატორ ლუკაშენკასთან კავშირის გამო. სანქცირებულია მისი ძმა და „რუსნეფტის“ მეწილე საიტ-სალამ გუცერიევიც.
ყულევში ნავთობტერმინალი 2008 წლიდან ფუნქციონირებს. მისი ოპერატორია „შავი ზღვის ტერმინალი“, რომელსაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR ფლობს.
ყულევის ტერმინალი ხობის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ფოთსა და ანაკლიას შორის.
რაც შეეხება ნავთობგადამამუშავებელი ქარხანას ყულევში – პროექტის პრეზენტაცია 2024 წლის 22 ოქტომბერს გაიმართა. ყულევის ქარხნის ოპერატორი და პროექტის ავტორი არის კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“, რომლის დამფუძნებელიც მაკა ასათიანია.
TI-ის მოკვლევით, 2025 წლის თებერვლიდან „ბლექ სი პეტროლიუმის“ გენერალური დირექტორი დავით ფოცხვერიაა. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კი ვახტანგ ჩახნაშვილი, კონსტანტინე გოგელია (მაკა ასათიანის ქმარი) და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი არიან. ლევან დავითაშვილი მინისტრის თანამდებობიდან 2025 წლის 24 ივნისს გადადგა და 26 სექტემბერს „ბლექ სი პეტროლიუმს“ შეუერთდა.