რადიო თავისუფლების ჟურნალისტს რუსეთში 6.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

პუბლიკა

„ასოშიეტიდ პრესის“ ინფორმაციით, რუსეთის სასამართლომ ექვს-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტ, ალსუ კურმაშევას, რომელიც დამნაჩავედ ცნეს რუსეთის არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში. სააგენტოს ცნობით, სასამართლო სხდომა 19 ივლისს, გასაიდუმლოებულ ვითარებაში გაიმართა.

„ასოშიეტიდ პრესი“ წერს, რომ, კურმაშევა, რომელსაც აქვს აშშ-სა და რუსეთის მოქალაქეობა პრაღაში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ის 2023 წლის ოქტომბერში დააკავეს და ბრალი წაუყენეს უცხოელ აგენტად დაურეგისტრირებლობის გამო, როდესაც რუსი სამხედროების შესახებ აგროვებდა ინფორმაციას.

AP-ის ინფორმაციით, მოგვიანებით, მას ბრალი წაუყენეს რუსი სამხედროების შესახებ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებაში კანონმდებლობის მიხედვით, რომლითაც ფაქტობრივად კრიმინალიზებულია უკრაინის ომის შესახებ ნებისმიერი საჯარო გამოხატვის ფორმა, რომელიც არ მიჰყვება კრემლის ხაზს.

ასევე 19 ივლისს, რუსეთის ეკატერინბურგის სასამართლომ ჯაშუშობის საქმეზე 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა Wall Street Journal-ის ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩსაც.

აპრილის ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, გაეთავისუფლებინა ალსუ კურმაშევა და ევან გერშკოვიჩი.

ბაიდენის განცხადებით, გრეშკოვიჩი რუსეთის ხელისუფლების სამიზნე იყო, რადგან ის ჟურნალისტი  და ამერიკელია.