პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რაფაჰზე ისრაელის თავდასხმამ სულ მცირე 45 ადამიანი იმსხვერპლა, მათგან 23 – ქალი, ბავშვი და მოხუცი.
თავდასხმა კვირას, 26 მაისს, ღამით განხორციელდა. მომხდარის ამსახველ ვიდეოებში ჩანს დიდი აფეთქება და ინტენსიური სროლა.
ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მათ „დახოცეს ჰამასის 2 ტერორისტი” და რომ „გამოიძიებს ადგილზე მოქალაქეთა სიკვდილის გარემოებებს”.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მომხდარს „ტრაგიკული შემთხვევითობა” უწოდა და ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი დაადანაშაულა „მოსახლეობის უკან დამალვაში”.
ისრაელის თავდასხმა რაფაჰზე განხორციელდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 დღეში – ICJ-იმ 13 ხმით 2-ის წინააღმდეგ ისრაელის მიმართ გამოსცა ბრძანება, შეწყვიტოს რაფაჰზე შეტევა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თავდასხმას აღმაშფოთებელი უწოდა და განაცადა, რომ „ეს ოპერაციები უნდა შეწყდეს”.
რამდენიმე საათით ადრე „ჰამასმა” თელ-ავივის მიმართულებით 8 შორი მანძილის რაკეტა ისროლა – პირველად იანვრის შემდეგ.
2023 წლის 7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი.
თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან. „ჰამასის“ პასუხად ისრაელმა „ანტიტერორისტული ოპერაცია” დაიწყო და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. მას შემდეგ ომი გრძელდება.
ისრაელს ფინანსურად და იარაღით აშშ ეხმარება. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 35 ათასს აღემატება.
ისრაელმა პალესტინელები აიძულა, ღაზის ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთში გადაენაცვლათ. 800 ათასზე მეტმა ადამიანმა საცხოვრებელი დატოვა და სამხრეთით წავიდა. რაფაჰი სწორედ ღაზის სამხრეთ ქალაქია, რომელიც ეგვიპტეს ესაზღვრება. თუმცა, ეგვიპტესთან საზღვარი ჩაკეტილია და ადამიანებს წასასვლელი არსად აქვთ.
2024 წლის იანვარს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ თქვა, რომ ისრაელის წინააღმდეგ მტკიცებულებები და არგუმენტები ღაზაში პალესტინელთა მიმართ ჩადენილი ქმედებების შესახებ დამაჯერებელია და ისრაელის ზოგიერთი ქმედება გენოციდის კონვენციის ფარგლებში ჯდება.
ICJ-ის გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელმა უნდა მიიღოს ზომები გენოციდის პირდაპირი წაქეზების აღსაკვეთად და დასასჯელად, ასევე, უნდა გააუმჯობესოს ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში.
ამავე სასამართლოს 24 მაისის გადაწყვეტილებით, ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო შეტევა რაფაჰში.
თუმცა, ისრაელი არ ასრულებს ICJ-ის გადაწყვეტილებებს და კვლავ აგრძელებს იერიშებს იმ ადგილებში, სადაც თავს მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს.
20 მაისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ქარიმ ხანმა სასამართლოს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის, ასევე ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის” 3 ლიდერის: მუჰამედ დიაბ იბრაჰიმ ალ-მასრის, იაჰია სინვარის და ისმაილ ჰანიეჰის დაკავების ორდერისთვის მიმართა.