პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს პოლიტიკური გამოსვლებით დაიწყო. ოპოზიციის დეპუტატებმა ვაკის პარკში მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების აუცილებლობაზე ისაუბრეს. მმართველი გუნდის შეფასებას „ტრაგედიით ნადირობაზე” ოპოზიციის მხრიდან ბარბარე რაფალიანცის საქმის გახსენება მოჰყვა.
„არავინ ნადირობს ტრაგედიაზე, მაგრამ გაგახსენებთ თქვენს ნადირობას ტრაგედიაზე: გახსოვთ ბარბარე რაფალიანცის საქმე? გახსოვთ რა ხდებოდა იმ დღეებში? გახსოვთ რა განცხადებებს აკეთებდნენ თქვენი ლიდერები?“ – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა შეკითხვით უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა.
ბოტკოველის შეკითხვის საპასუხოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაბრალება „სისულელე იყო, რომელიც გამოძიებამ ვერ დაადასტურა“.
მისი მტკიცებით, გამოძიება იძიებს ვაკის პარკში მომხდარს და დამნაშავე დაისჯება. დეპუტატი ამბობს, რომ თუ ასე არ მოხდება, ისიც ოპოზიციის მგსავსად მოსთხოვს პასუხს პასუხისმგებელ პირებს.
„იმაშიც ვეთანხმები [გიორგი] ბოტკოველს, კი ბატონო, ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის თქვენთვის დაბრალება ასე უაპელაციოდ, „ქართული ოცნების“ წევრმა დაგაბრალათ თუ ვინც დაგაბრალათ, გეთანხმებით, ვინც ეს პირველი თქვა, თქვა დიდი სისულელე. ამ სიტუაციაში და მსგავსი ტრაგედიებით მანიპულირება არ შეიძლება. სისულელე თქვა, რადგან გამოძიებამ დღემდე ვერ დაადასტურა. უბედურება იცით რა არის? ისეთები გაქვთ გაკეთებული, რომ ხალხმა ეს დაიჯერა და მიიღო. დღეს თქვენ იგივენაირად აქეთ საერთოდ უსაფუძვლოდ იშვერთ ხელს და არავის სჯერა, ყველამ იცის, რომ ამის გამკეთებელი, ხელის დამფარებელი არავინ არ არის“, – განაცხადა დავითულიანმა.
ბექა დავითულიანის ამ განცხადებას მოგვიანებით გამოეხმაურა ეკა ხერხეულიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი.
„გამოხდა ხანი, 10 წელი გავიდა, ზიზღში და ბოღმაში აცხოვრეთ საზოგადოება, დღეს დეპუტატი დავითულიანი ამბობს და მადლობა მას, პირველია, ვისგანაც მოვისმინე, რომ ეს ასე არ იყო და არ იყო სწორი, რაც განაცხადეს მაშინ, მაგრამ ამან მოიტანა თავისი მძიმე შედეგი, ის რეჟიმი, რომელიც დღეს არსებობს, რომელსაც შეუძლია, დღეს ხელი გამოიშვიროს და თქვას, რომ ვიღაცამ ნაკლებად განიცადა, ვიღაცამ მეტად განიცადა, ვიღაცისთვის მხოლოდ პოლიტიკური განსჯის საგანია, რაც ქვეყანამ გადაიტანა“, – განაცხადა ხერხეულიძემ.
პარლამენტის სასესიო დარბაზში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატები ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზეც საუბრობენ და ერთმანეთის პოლიტიკურ თუ მორალურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებენ.
„ესენი არიან ადამიანების ტრაგედიებზე მონადირენი“, – ასე შეაფასა ოპოზიცია უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.