რაგბის კავშირი კაჭარავასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელებულ პეტიციას ეხმაურება

პუბლიკა

საქართველლოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ წუხილს გამოთქვამენ პოლიტიკურ-პარტიულ დაპირისპირებაში ქართული რაგბის ჩათრევის სისტემური და მიზანმიმართული მცდელობის გამო.

საქართველოს რაგბის კავშირი მოუწოდებს პარტიული დღის წესრიგის მქონე ყველა დაჯგუფებას თავი შორს დაიჭირონ ქართული რაგბისგან, „ნუ ცდილობენ პირადი პოლიტიკურ-მერკანტილური მიზნებისთვის ქართული რაგბის, საქართველოს ღირსების დაკნინებას.“

„ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო რაც ქართულმა რაგბიმ მსოფლიო ასპარეზზე ისტორიულ გამარჯვებებს მიაღწია: პირველად შეძლო 6 ერის წევრი ქვეყნების დამარცხება, რაგბის კავშირში განხორციელებული რეფორმებისა და მიმდინარე სწორი კურსის გამო უმაღლესი შეფასება დაიმსახურა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტისგან, არაერთხელ მოექცა საერთაშორისო მედია საშუალებების ფოკუსში და შედეგად ქართული დროშა ახალ სიმაღლეზე ასწია, – მთელ მსოფლიოს დაანახა ქართულ რაგბიში მიმდინარე სწრაფი აღმასვლა როგორც კავშირის ადმინისტრაციის, მთავრობისა და ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო მხარდაჭერის შედეგი; – სწორედ ეს გახდა ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების გაღიზიანებისა და აგრესიის მიზეზი, – სწორედ ამის შედეგად იქცა ქართული რაგბი მათი შეტევების სამიზნედ.

ძალიან დასანანია, რომ ქართული სპორტის, საქართველოს მსოფლიო წარმატებას ოპოზიციურად განწყობილი ცალკეული ჯგუფები პირადი ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიჩნევენ და ცდილობენ ქართული რაგბის რეპუტაციის შელახვას.

ამუშავებულია სიცრუის მანქანა, რომელიც თხზავს და ავრცელებს დისკრედიტაციულ ტყუილებს ქართული რაგბის კავშირის გაურკვეველ თანამშრომლობასა თუ სიმპათიაზე ხან რუსი ოლიგარქების, ხან – რუსეთის პოლიტიკური სისტემის მიმართ“,- ნათქვამია განცხადებაში.“

განცხადებაში ნათქვამია, რომ გამგეობის თავმჯდომარის არჩევა ბოლოდროინდელი რეფორმების შედეგად, არის სრულიად გამჭვირვალე, დემოკრატიული, ხმათა უმრავლესობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება: საერთო ყრილობამ, რომელიც ძირითადად რაგბის კლუბების წარმომადგენლებისგან შედგება, აირჩია გამგეობის 13 წევრი, რომლებმაც შემდეგ ღია კენჭისყრით აირჩიეს თავმჯდომარედ დავით კაჭარავა.

„არანაირ “რაგბის გულშემატკივართა” პეტიციას არ აქვს რაიმე ლეგიტიმაცია დემოკრატიული არჩევნების ამ სისტემის ფონზე, რაც დარწმუნებული ვართ მისმა ინიციატორმა ანონიმუსმაც იცის, თუმცა ამ გზით ქართული რაგბის დისკრედიტაციას ემსახურება“,- ვკითხულობთ განცხადებაში.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება პეტიცია, სადაც ქართული რაგბის გულშემატკივრები ვეტერანი მორაგბის, ამჟამად პარლამენტის დეპუტატის და პრორუსული და ანტიდასავლური მარიონეტული მოძრაობის,  „ხალხის ძალის” წევრის დავით კაჭარავას გადადგომას ითხოვენ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობიდან.