რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა

პუბლიკა

რაგბის კავშირში პრეზიდენტის არჩევნებისთვის კვორუმი ვერ შედგა და არჩევნები ჩაიშალა.

დღეს ავჭალის სარაგბო ბაზასთან მორაგბეებს შორის შეხლა-შემოხლა იყო. სიტყვიერად ერთმანეთს ირაკლი აბუსერიძისა და სოსო ტყემალაძის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ირაკლი აბუსერიძე და სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის იბრძვიან.

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ არჩევნები არალეგიტიმურია, რადგან აბუსერიძე ერთხელ უკვე აირჩიეს პრეზიდენტად.

„ძალის დატანებით, ზეწოლით მინდობილობები გააკეთეს და უცხო ადამიანები მოდიან და არჩევნებში იღებენ მონაწილეობას [ტყემამალაძის მხარდასაჭერად]“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „TV პირველთან“.

პრეზიდენტობის კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის განცხადებით, სოსო ტყემალაძემ ტყუილით მოიპოვა სარაგბო კლუბების მხარდაჭერა, რის შედეგადაც ის წარდგენილია პრეზიდენტობის კანდიდატად.

სოსო ტყემალაძის განცხადებით კი, მას უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს, თუმცა ზეწოლის გამო არჩევნებზე ვერ გამოცხადდა დელეგტთა საჭირო რაოდენობა.

„მე ვთხოვე კლუბების წარმომადგენლებს, რომ არ დაგვეკარგა ეს 10 დღე, ხმათა უმრავლესობა მაქვს, ავუხსენი, თუ რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი. კლუბებს პრობლემები აქვთ, ნაკრებში თამაშებია და ნუღარ დავკარგავდით დროს, მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს“, – განაცხადა ტყემალაძემ.

რაგბის კავშირის წესდების მიხედვით განმეორებითი არჩევნები 10 დღეში უნდა გაიმართოს.


რაგბის კავშირში დაძაბულობა თვეებია გრძელდება და ის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით დაიწყო. ირაკლი აბუსერიძე 2020 წლის 30 დეკემბერს აირჩიეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად, მაგრამ პროცესს არალეგიტიმურად მიიჩნევდა პრეზიდენტობის მაშინდელი კანდიტატი ბაჩო ხურციძე. მან საჯარო რეესტრსაც მიმართა, სადაც აღნიშნავდა, რომ პრეზიდენტის არჩევნები წესდების პროცედურების დარღვევით ჩატარდა. აღნიშნულის შემდეგ, 7 იანვარს ირაკლი აბუსერიძეს საჯარო რეესტრში რეგისტრაცია  შეუჩერდა.

8 თებერვალს საჯარო რეესტრმა გაავრცელა განცხადება, რომ „საჯარო რეესტრმა „საქართველოს რაგბის კავშირის“ წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ირაკლი აბუსერიძეს უარი ეთქვა რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე, ასევე, უარი ითქვა გამგეობის ახალი წევრების დარეგისტრირებზეც.

„საჯარო რეესტრმა მისთვის კანონით დაკისრებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, „საქართველოს რაგბის კავშირის“ წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ირაკლი აბუსერიძეს უარი ეთქვა რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე, ასევე, უარი ეთქვა გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაციაზე; ორივე შემთხვევაში კი, მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ არც პრეზიდენტობის და არც გამგეობის წევრობის კანდიდატებს არ მიუღიათ ხმების ის რაოდენობა, რაც წესდებითაა მოთხოვნილი“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში

უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარე პროცესების პარალელურად აქციებს მართავენ ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ირაკლი აბუსერიძის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია.

„30 დეკემბერს ჩვენი გუნდის, საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთანავე ვიგრძენით წნეხი იმ ადამიანებისგან, რომლებისთვისაც ცხადია, რომ აბუს [ირაკლი აბუსერიძის] გუნდი და ნეპოტიზმი, კორუფცია, ფულის შოვნა არათავსებადია“, – აცხადებდნენ აბუსერიძის მხარდამჭერები.