რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტთან მანამდე დაპირისპირება არ მქონია - ხარაზიშვილი

პუბლიკა

რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირების დროს დაჭრილმა რამაზ ხარაზიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიასთან ადრე კონფლიქტი არ ჰქონია.

“რაც შეეხება შემთხვევას, სამუშაო შეხვედრაზე მივდიოდი, სადაც კლუბები იკრიბებოდნენ. კავშირის შესასვლელთან მთვრალი ვიცე-პრეზიდენტი დამხვდა, რომელიც გამგეობის თავმჯდომარეს ესაუბრებოდა. დამიძახა, სხვადასხვა კითხვა დამისვა, რომელიც ეხებოდა მის პრეზიდენტად გახდომას.

მოკლედ აბსურდული კითხვები იყო. ვუთხარი რომ შეხვედრაზე მეჩქარებოდა, წამოსვლა დავაპირე და ამ დროს ცინიკურად მომმართა. როდესაც მივუტრიალი და ვკითხე ეს მომართვა რას ნიშნავდა, პასუხი ვერ გამცა და მესროლა. ეს იყო სულ. მასთან არანაირი დაპირისპირება მანამდე არ მქონია, ისევე როგორც არ მქონია დაპირისპირება რაგბის კავშირის არცერთ ჩინოვნიკთან”,-ამბობს ხარაზიშვილი.

**********

მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ბრალდებით რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია 16 სექტემბერს დააკავეს.

„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მ.ბ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, მცხეთაში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1988 წელს დაბადებულ რ. ხ.-ს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, “- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.