ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ემიგრანტებს მიმართა და სოფლის მეურნეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“მინდა გთხოვოთ, ჩვენი სამღვდელოება, სოფლის სამღვდელოება უნდა იყოს მაგალითი სოფლის მეურნეობაში. მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში, სნოდან ვარ, როგორ უფრთხილდებოდნენ მიწის ნაკვეთს, საკარმიდამოს, არ იყო მოცდენილი არცერთი მეტრი მიწისა. ყველა დამუშავებული იყო. კარტოფილი, მწვანილი ითესებოდა, თიბვა იყო. დღეს, როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა აღარ ითიბება, საკარმიდამო არ მუშავდება.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოს სამღვდელოებამ. გარდა მიწის დამუშავებისა უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა. ეს დიდად ამოსწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ქალაქს.” – თქვა ილია მეორემ.
ქადაგებისას ილია მეორემ საქართველოდან წასულ ემიგრანტებს მიმართა.
“სოფლის მოსახლეობა და ქალაქისა მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქ მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები. ჩამოდიან უცხოელები და ყიდულობენ სახლებს, სახლდებიან ჩვენს სოფლებში და ქალაქებში. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს ეს მადლი. გეძლევათ ლოცვა – კურთხევა მთელ საქართველოში გაავრცელოთ ეს სურვილი და გადავარჩინოთ ჩვენი სოფელი”,- თქვა ილია მეორემ.