დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, პანდემიის პირობებში შესაძლოა, მოსახლეობას მეტი შეზღუდვა დაუწესდეს. მისი განმარტებით, პანდემიის დროს უნდა ამაღლდეს ქვეყანაში მზადყოფნის დონე, როგორც სამედიცინო, ასევე სხვა ბევრი მიმართულებით.
„რაღაც ეტაპზე საჭირო გახდება მეტი შეზღუდვები. მაგალითად, ეს არის პირველ რიგში, ასკაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის ცხოვრების წესის ჩვეულებრივი შეზღუდვა, მაგრამ დადგება მომენტი, როცა შეიძლება ეს გასაკეთებელი გახდეს. ამიტომ, ამისთვის ყველა წინასწარ უნდა ვიყოთ მომზადებული, რომ დიდი თავყრილობები შეიძლება, მთავრობამ აკრძალოს. – ამბობს პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა, რომ „არ გვინდა, მივიდეთ ისეთ სიტუაციამდე, როგორამდეც მივიდა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და მერე გამოაცხადეს ასეთი ღონისძიებები. ყველაფერი დამოკიდეული იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე“.
პაატა იმნაძის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა, ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 24 ადამიანი. კარანტინში მოთავსებულია 295, ხოლო სტაციონარში – 49 მოქალაქე.