„რაიმე კუთხით შეიძლება" — პრეზიდენტის ძმა ოთარ ზურაბიშვილი პოლიტიკაში მოსვლაზე

პუბლიკა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი ამბობს, რომ შესაძლებელია პოლიტიკაში „რაიმე კუთხით” ჩაერთოს. ჟურნალისტმა ზურაბიშვილს ჰკითხა, აპირებს თუ არა ის პოლიტიკაში მოსვლას 2024-ის არჩევნებისთვის, რაზეც პრეზიდენტის ძმამ უპასუხა, რომ შესაძლოა, ეს უფრო ადრეც მოხდეს.

პრეზიდენტთან ერთად თუ დამოუკიდებლად – ოთარ ზურაბიშვილი ამ კითხვას არ პასუხობს, ოპოზიციურ ველზე კი პარტნიორად არავინ წარმოუდგენია.

„ოპოზიციურ ველზე ცოტა რთულია ჩემთვის, რთულია მათი გამოთქმები, პოზიციები, რაღაც დავები არის, რომელიც გარკვეულად უნდა გავიგო. გასაგებად რთულია”. – თქვა ოთარ ზურაბიშვილმა.

ოთარ ზურაბიშვილი პრეზიდნეტის სამომავლო გეგმებზე არაფერს ამბობს, მისი თქმით, რას გააკეთებს მომავალში სალომე ზურაბიშვილი, „რა მიმართულებით წავა და საით არ წავა”, თავად იტყვის საკუთარ სათქმელს.

პრეზიდენტის ძმა „ტვ პირველთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მისი და მისი დის მთავარი ინტერესია ქვეყნის მომავალი და ის, რომ „ნაბიჯები, რომელიც არის ევროპისკენ გადადგმული, იყოს ბოლომდე მიყვანილი”.

ოთარ ზურაბიშვილმა აღნიშნულ ინტერვიუში ასევე ისაუბრა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ „ოცნებამ” წამოიწყო, პრეზიდენტის ძმას არ სჯერა, რომ პროცესი ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე დაიწყებოდა.

„მის[ბიძინა ივანიშვილი] გარეშე იმპიჩმენტის პროცესის დაწყების არ მჯერა. ფაქტები არ არის და ჰაერში ამის თქმა ცოტა ძნელია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ასე ხდება, ფარდის უკან არის მოლაპარაკებები, არის წრე, გადაწყვეტილება ერთად არის მიღებული”.  თქვა მან. 

ოთარ ზურაბიშვილი საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელია.