კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ ისაუბრა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და ეკომიგრანტთა აქტიური განსახლება, ასევე, მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა ჯანდაცვის სამინისტრომ პრიორიტეტად დაისახა, რისთვისაც მნიშვნელოვანი რესურსებია მობილიზებული.
„2020 წლის განმავლობაში ახალი საცხოვრებელი ფართი გადაეცა 2000-ზე მეტ დევნილ ოჯახს. 1096 ახალაშენებული ბინა განაწილდა თბილისსა და რეგიონებშიც, რაზეც სახელმწიფოს მიერ მიმართული იყო 63 400 000 ლარზე მეტი. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში შესყიდულია 1100 სახლი, რაზეც დაიხარჯა 22 მლნ ლარამდე. მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი 1900-ზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდა“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ სახლები შეისყიდეს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 200-მდე ოჯახისთვისაც. ტიკარაძის თქმითვე, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის მოვლენა, რომ იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონში, მე-3 და მე-4 ხარისხის 96 ნგრევადი ობიექტი დაიხურა და იქ მცხოვრები ყველა ოჯახი დღეს უსაფრთხო პირობებში ცხოვრობს.
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს 2021 წლის გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, დევნილებს საცხოვრებელი ფართი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გადაეცემათ:
- თბილისი – ბინა გადაეცემა 260 დევნილ ოჯახს; დამატებითი შესყიდვა – 300-მდე ბინის;
- ზუგდიდი – ბინა გადაეცემა 600-მდე ოჯახს; დამატებითი შესყიდვა – 400-მდე ბინის;
- ქუთაისი – ბინა გადაეცემა 111 დევნილ ოჯახს და დამატებით– 240 ბინის მშენებლობა;
- წყალტუბო – ბინა გადაეცემა 420 დევნილ ოჯახს;
- გორი – ბინა გადაეცემა 68 დევნილ ოჯახს;
- მარნეული – დასრულდება სოფლის ტიპის დასახლების მშენებლობა, სადაც 31 დევნილი ოჯახი განსახლდება და დამატებით მარნეულში ბინა გადაეცემა 11 დევნილ ოჯახს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პროექტი „სოფლად სახლი“ დამატებით 1200 დევნილ ოჯახს შეუსყიდის სახლს, დევნილთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე კი 200-ზე მეტი სახლი აშენდება.