რამდენად არის ჰოსპიტალური სექტორი მზად, პაციენტების გაზრდილი რაოდენობა მიიღოს – მინისტრის პასუხი

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდგომ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მედიის შეკითხვებს უპასუხა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მზად არის ჰოსპიტალური სექტორი პაციენტების გაზრდილი რაოდენობის მისაღებად.

მინისტრის განმარტებით, დღესდღეობით 20 კლინიკა არის საქართველოს მასშტაბით სრულიად მობილიზებული იმისათვის, რომ მიიღოს კორონავირუსით დადასტურებული პაციენტი, ასევე ცხელების ნიშნებით პაციენტები.

გარდა ამისა, მინისტრის ცნობით, ორშაბათიდან ჩაერთვება კიდევ დამატებით 9 კლინიკა. ასევე, პაციენტების ზრდასთან ერთად შესაძლებელი იქნება დამატებით კიდევ 6 კლინიკის ჩართვა.

„ასევე, მნიშვნელოვანი არის, რომ რეგულირების სააგენტოს ყველა თანამშრომელი ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს ამ ჰოსპიტლებზე, რის შედეგადაც, ჩვენ გაქვს მუდმივი უკუკავშირი და ყველა იმ საჭიროებისა და პრობლემატიკის აღრიცხვა, რომელიც ფიქსირდება.

ეტაპობრივად, 31 საავადმყოფო ჩერთვება რეგიონებში, რომლებიც მიიღებენ კორონავირუსის მქონე პაციენტებს, ასევე – ცხელებით პაციენტებს. მოხდება მათი ტრიაჟი ადგილზე და, შესაბამისად, გადამისამართდებიან  სახლში, თვითიზოლაციაში, საკარანტინო ზონაში, ოჯახის ექიმის მართვის კუთხით და რთული შემთხვევებში გადაიყვანენ საავადმყოფოებში, სადაც ექიმების მხრიდან დაიწყება მათი მკურნალობა“, – განმარტავს მინისტრი.

კორონავირუსის გავრცელების სურათი ამ დროისთვის ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა –148
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 27
  • კარანტინის რეჟიმში – 5550
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281