რამდენად დიდია გადადების რისკი იმ ადამიანებისგან, რომლებსაც შესაძლოა ინფექცია, ე.წ. უსიმპტომო ფორმით აქვს - ზახაშვილის განმარტება

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ხათუნა ზახაშვილმა დღეს გამართულ ფეისბუქლაივში უსიმპტომო შემთხვევების შესახებ ისაუბრა.

შეკითხვაზე – რამდენად რეალური და დიდია გადადების რისკი იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ინფექცია, ე.წ. უსიმპტომო ფორმით აქვთ? – უპასუხა, რომ სიმპტომების მქონე პაციენტები არიან ვირუსის ძირითადი გამავრცელებლები და უსიმპტომო პაციენტებისგან დაავადების გავრცელების რისკი შედარებით დაბალია.

„ამ თემით სპეკულირება მიმდინარეობს არამარტო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში, ბევრ სხვადასხვა მედიაში. მართლაც არის თუ არა ასეთი დიდი რაოდენობა უსიმპტომო შემთხვევები და ქმნიან თუ არა რისკს – აქ ისმება საკითხი რას უწოდებენ ადამიანები უსიმპტომო შემთხვევებს. მაშინ როდესაც მიზანმიმართული გამოვლენა მიმდინარეობს დაავადების, კონტაქტირებულებში ჩვენ მართლაც გვაქვს შემთხვევები, როდესაც დავიჭირეთ ისეთი კონტაქტები, რომლებსაც ჰქონდა უმნიშვნელო სიმპტომები, ან არ ჰქონდათ სიმპტომები გამოვლენილი და სიმპტომებმა შემთხვევის დადასტურებიდან მეორე დღეს დაიწყო გამოვლენა.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს შემთხვევა უსიმპტომოა, უბრალოდ ეს არის მსუბუქი შემთხვევები. ცნობილი ფაქტია, რომ ძირითადი უმრავლესობა 80%-ში ჩაივლის მსუბუქად, მაგრამ 20%-ის იმდენად მძიმე იქნება, რომ შესაძლოა საფრთხე შეუმქნას ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებას.

და კიდევ ორიოდე სიტყვა უსიმპტომო შემთხვევების შესახებ. ცნობილია, რომ სიმპტომების მქონე პაციენტები არიან ვირუსის ძირითადი გამავრცელებლები, მაშინ როცა ისინი ახველებენ, ან აცემინებენ ან ესაჭიროებათ დახმარება. უსიმპტომო პაციენტებისგან დაავადების გავრცელების რისკი შედარებით დაბალია და ნაკლებ რისკს ქმნიან საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

კორონავირუსის კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო პროტოკოლში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა, წერია, რომ COVID-19 შესაძლოა მიმდინარეობდეს მსუბუქად, საშუალოდ ან მძიმედ.

მსუბუქი/საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა გვხვდება შემთხვევათა დაახლოებით 80%-ში; 15%-ში დაავადება მიმდინარეობს მძიმედ, ხოლო 5%-ში – ძალიან მძიმედ (კრიტიკულად). დაავადების დამძიმება აღინიშნება მსუბუქი/საშუალო სიმძიმის ფორმის მქონე პაციენტთა 10-15%-ში, ხოლო მძიმე შემთხვევების დაახლოებით 15- 20%-ში ადგილი აქვს ძალიან მძიმე (კრიტიკული) ფორმის განვითარებას. ინკუბაციური პერიოდის სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს 1-14 დღეს, უმეტესად – 4-7 დღეს.

სრულიად ასიმპტომური ინფექცია ძალზედ იშვიათია (მოლეკულური ტესტირებით დადებითი შემთხვევების 1%-ზე ნაკლები).

მსუბუქად მიმდინარე დაავადებისას პაციენტებს არ უვითარდებათ პნევმონია. აღენიშნებათ მხოლოდ დაბალი ცხელება 37,8. ან ძალზე უმნიშვნელოდ გამოხატული ცხელება.

მძიმედ მიმდინარე შემთხვევები გამოჯანმრთელდებიან, სიმპტომების გაჩენიდან, 3-6 კვირის ფარგლებში. ლეტალური გამოსავლის შემთხვევაში სიკვდილი დგება სიმპტომების დაწყებიდან 2-8 კვირაში.