რამდენად გასცემს და აქტიურად აქვეყნებს შრომის ინსპექციის სამსახური საჯარო ინფორმაციას? რამდენად არის გამოქვეყნებული ინფორმაცია მომხმარებელზე ორიენტირებული – ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით შრომის ინსპექციის სამსახურის გამჭვირვალობაზე კვლევა სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრმა „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით მოამზადა.
კვლევის ძირითადი მიგნებების თანახმად,
1. ცალკეულ შემთხვევებში, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაცია არ არის სრულყოფილი და სრულად ვერ პასუხობს დაინტერესებული პირის მოთხოვნას.
„მაგალითისთვის, სამსახურმა არ წარმოადგინა 2023 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში შემოწმებული ობიექტების ჩამონათვალი და მათ მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები იმ მიზეზით, რომ ამ პერიოდში განხორციელებული ინსპექტირებების შედეგები და შედგენილი საქმისწარმოების მასალები დამუშავების ეტაპზეა. ხაზგასასმელია, რომ სამსახური დროულად არ გასცემს საწარმოო უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებულ ინფორმაციას“.
2. შრომის ინსპექციის სამსახური არღვევს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებას როგორც შინაარსობრივი, ისე პერიოდულობის თვალსაზრისით.
3. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საპასუხოდ, შრომის ინსპექციამ არ მოგვაწოდა სამსახურის შესახებ ის ინფორმაცია, რომელიც კანონით უნდა იყოს საჯარო. გამოთხოვილი ინფორმაცია მოიცავდა მონაცემებს ხელფასებისა და პრემიების შესახებ; ინფორმაციას სამივლინებო ხარჯების შესახებ; ინსპექციის საკუთრებაში არსებული მანქანების სიასა და საწვავის მოხმარების აღრიცხვის შესახებ მონაცემებს.
4. შრომის ინსპექციის სამსახურის ბიუჯეტთან, სახელმწიფო შესყიდვებსა და ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაცია სამსახურის ვებგვერდზე საერთოდ არ არის წარმოდგენილი.
5. შრომის ინსპექციის სამსახურის ვებგვერდი არ არის სრულად მომხმარებელზე ორიენტირებული. გამოქვეყნებული ინფორმაცია გაბნეულია ვებგვერდზე და არ არის სათანადოდ სისტემატიზებული.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, გამჭვირვალობა და ღიაობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საზოგადოების ნდობას საჯარო დაწესებულების მიმართ. შრომის ინსპექტირების სისტემა კი შრომითი უფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია.
შესაბამისად, განსაკუთრებულია მისი როლი შრომის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა აუცილებელია შრომის ინსპექციის სამსახურის მუშაობის შესაფასებლად, მონიტორინგის განსახორციელებლად, არსებული ტენდენციებისა და ხარვეზების გამოსავლენად.
„2023 წელს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევები გამოიკვეთა. კერძოდ, ღირსეული შრომის პლატფორმის და სოციალური სამართლიანობის ცენტრის მოთხოვნების პასუხად, სამსახურმა ინსპექტირების საქმის წარმოების მასალებში, მათ შორის, ინსპექტირების ანგარიშებში დაფარა ინფორმაცია შემოწმებული საწარმოების შესახებ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ, შრომის ინსპექციის სამსახურმა პოზიცია შეცვლა და მოთხოვნილი ინფორმაცია სრულყოფილად, კომპანიასთან დაკავშირებული მონაცემების დაშტრიხვის გარეშე გასცა. შედეგად, 2023 წლის 7 სექტემბერს დავის საგნის არარსებობის გამო სარჩელის გამოხმობის გზით ეს დავა შეწყდა. ამავე დროს, კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც შრომის ინსპექციის სამსახურმა საჯარო ინფორმაცია არ გასცა იმ საფუძვლით, რომ მისი დამუშავება დამატებით დროს საჭიროებს“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ გამოვლენილი ხარვეზების დროულდ აღმოფხვრა „არსებითად მნიშვნელოვანია შრომის ინსპექციის სამსახურის გამჭვირვალობისა და ღიაობის გასაუმჯობესებლად
რეკომენდაციები
დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ შრომის ინსპექციის სამსახურის გამჭირვალობის გასაუმჯობესებლად მიზანშეწონილია გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება:
1. აუცილებელია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე შრომის ინსპექციის სამსახურის დროულად რეაგირება და დაინტერესებული პირებისათვის ინსპექტირების მასალების დაუბრკოლებლად მიწოდება. ცალკეულ შემთხვევაში, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, კონკრეტული ინსპექტირების მასალების დროულად წარმოდგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს (მაგალითად, საწარმოო უბედური შემთხვევების დროს).
2. მიზანშეწონილია, საჯარო ინფორმაციის გაცემის დაყოვნების თავიდან ასაცილებლად შრომის ინსპექციის სამსახურმა შეიმუშავოს ეფექტური მექანიზმები ინსპექტირების მასალების დროულად დამუშავებისთვის.
3. მნიშნელოვანია, შრომის ინსპექციის სამსახურმა უზრუნველყოს „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად ინფორმაციის სრულყოფილად გამოქვეყნება.
4. მნიშვნელოვანია, სამსახურმა ინფორმაცია განათავსოს ვებგვერდის თემატურ ბლოკში, ხელი შეუწყოს მასზე საზოგადოების გამარტივებულ წვდომას და საჭირო ინფორმაციის ადვილად მოძიებას.
5. აუცილებელია, პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია განახლდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პერიოდულობით.
6. აუცილებელია, სამსახურმა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები საზოგადოების ნდობის გასაძლიერებლად. მიზანშეწონილია, ვებგვერდზე გამოქვეყნდეს დეტალური ინფორმაცია, თუ რა შემთხვევაში შეუძლია დასაქმებულს მიმართოს შრომის ინსპექციის სამსახურს, ასევე როგორია დარღვევის თაობაზე შეტყობინების წესი და პროცედურა.
შრომის ინსპექციის სამსახურის გამჭვირვალობაზე სრულ კვლევასა და რეკომენდაციებს გაეცანით ბმულზე.