უკრაინის რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პასუხობს და ეკითხება – რამდენად სათანადოა, რომ „არასათანადო“ უწოდოს მეგობარ ქვეყანაში მიწვევას? სტეპანჩუკის შეფასებას რადის ოფიციალური „ტელეგრამის“ გვერდი ავრცელებს:
„არასათანადო – ასე დაახასიათა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჩემი მოწვევა ბუჩისა და ირპენის მოსანახულებლად.
მას მიაჩნია, რომ შეუძლებელია უკრაინაში ჩამოსვლა მანამ, სანამ „უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი სრულად არ გააცნობიერებს იმ ძლიერ მხარდაჭერას“, რომელსაც ის გვაძლევს. ასეთი ძლიერი მხარდაჭერის მაგალითად მან მოიყვანა უკრაინის სასარგებლოდ საქართველოს ხმა საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორიცაა გაერო.
კოლეგავ, უკრაინა აფასებს ასეთ რთულ დროს სხვა ქვეყნებისგან მიღებულ დახმარებას. ჩვენ ყოველდღე ვითხოვთ უფრო მკაცრ სანქციებს, სამხედრო, პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. არის ქვეყნები, რომლებიც ყველა სფეროში გვეხმარებიან. არის ქვეყნები, რომლებიც მხოლოდ ცალკეულ საკითხებში გვეხმარებიან
ჩვენ ვაფასებთ და ყოველთვის ვაფასებდით მოძმე ქართველი ხალხის გულწრფელ მხარდაჭერას. ვიცით, რომ ქართველები ყოველთვის გულწრფელი, მამაცი და გაბედული მეომრები არიან, რომელთაგან ბევრი დღეს ჩვენს მცველებს მხარში უდგას და იცავს უკრაინას რუსული შემოჭრისგან. ისევე, როგორც ბევრი უკრაინელი დაუდგა საქართველოს გვერდით 2008 წელს იგივე მტრის წინააღმდეგ, რომელმაც ხელყო თქვენი დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და დაგიხოცათ ადამიანები.
თქვენი რუსეთთან ბრძოლის პირველივე დღეებიდან უკრაინა მხარს უჭერდა საქართველოს. პოლიტიკურ, საინფორმაციო, საერთაშორისო და სამხედრო დონეზე. უბრალოდ, მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინული საგაერო თავდაცვის სისტემით („ბუკი“, „ოსა“) თქვენ იცავდით საკუთარ ცას.
რამდენად სათანადოა, „არასათანადო“ უწოდო მოწვევას, რომ ჩამოხვიდე მეგობარ ქვეყანაში, ნახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი ტკივილი და სიტყვით გამოხატო მისი მხარდაჭერა? მეჩვენება, რომ მეგობარმა ეს მოწვევის გარეშე უნდა გააკეთოს. ბოლოს და ბოლოს დიდმა შოთა რუსთაველმა სწორედ ეს თქვა:
ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად“, – წერს უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი.
8 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში მიწვევის საპასუხოდ განაცხადა, რომ „განმარტებების გარეშე, ბუჩაში ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს“.