2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალი წლიდან პენსია გაიზრდება, იზრდება ასევე პოლიტიკური თანამდებობის პირთა და მოსამართლეების ხელფასი.
ბიუჯეტის პროექტს „ოცნების“ პარლამენტი უკვე განიხილავს და პირველი მოსმენით, სავარაუდოდ, მიმდინარე სასესიო კვირას მიიღებს.
პროექტის მიხედვით, 2026 წლის იანვრიდან დაგეგმილია პენსიის ზრდა:
- 70 წლამდე პირთა პენსია გაიზრდება 20 ლარით და გახდება 370 ლარი
- 70 წელზე მეტი ასაკის პირთა პენსია გაიზრდება 45 ლარით და გახდება 495 ლარი
- მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები 70 წლამდე პენსიონერების პენსია იქნება 444 ლარი
- მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები 70 წელზე მეტი ასაკის პენსიონერების პენსია იქნება 594 ლარი
ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია სახელმწიფო კომპენსაციების ზრდაც.
- მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემელი გაიზრდება 45 ლარით;
- დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელი გაიზრდება 20 ლარით;
- გათვალისწინებულია 120 000 სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების 16 წლამდე ბავშვების ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარების დაფინანსება
იზრდება პოლიტიკური თანამდებობის პირთა და მოსამართლეთა ხელფასები.
კანონმდებლობით, მათი ხელფასები ფიქსირებული არაა და კოეფიციენტების სისტემით გამოითვლება.
ხელფასის ოდენობა ყოველწლიურად ხელახლა ანგარიშდება იმის გათვალისწინებით, თუ რა ოდენობით განისაზღვრება ბიუჯეტში საბაზისო ხელფასი.
თანამდებობის პირთა და მოსამართლეთა ხელფასები საბაზისო ხელფასის კონკრეტულ კოეფიციენტზე ნამრავლით განისაზღვრება.
2026 წლის ბიუჯეტში საბაზო ხელფასი 1600 ლარითაა განსაზღვრული. 2025 წლის ბიუჯეტში ეს თანხა 1460 ლარი იყო.
- საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 14 600 ლარიდან 16 000 ლარამდე გაიზრდება;
- პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი 14 720 ლარი იქნება;
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 1260 ლარით გაიზრდება და 14 400 ლარი იქნება;
- მინისტრების და პარლამენტის ფრაქციების თავმჯდომარეების ხელფასები 12 410 ლარიდან 13 600 ლარამდე გაიზრდება;
- მინისტრების მოადგილეების ხელფასი 12 000 ლარი იქნება;
- პარლამენტის დეპუტატების ხელფასი 1120 ლარით გაიზრდება და 12 800 ლარი იქნება.
ამავე სისტემით გაიზრდება მოსამართლეთა ხელფასები.
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი გაიზრდება 1400 ლარით და გახდება 16 000 ლარი;
- უზენაესის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი გაიზრდება 1288 ლარით და გახდება – 14 720 ლარი;
- უზენაესის მოსამართლეების ხელფასი გაიზრდება 1190 ლარით და გახდება 13 600 ლარი;
- სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი გაიზრდება 1176 ლარით და გახდება 13 440 ლარი;
- რაიონული/საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი გახდება 12 800 ლარი;
- რაიონული/საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ხელფასი გაიზრდება 1008 ლარით და გახდება 11 520 ლარი.